გიორგი აბაშიშვილმა მოტივირებულ შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტის უპირატესობა განმარტა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და საბანკო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ეფექტურობას. გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნული ფუნქციების მნიშვნელობა განმარტა.

"საჭიროა განვმარტოთ, რა ძირითადი ფუნქცია აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის კონტროლი. ეს საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ ფასების ზრდისა და ინფლაციის შედეგად არ დაზარალდეს თითოეული მოქალაქე. შესაბამისად, აუცილებელია ისედაც გამოწვევების წინაშე მდგარ ეკონომიკას არ შევუქმნათ დამატებით რისკები, რომელთა შედეგებიც შესაძლოა თითეულ მოქალაქეზე აისახოს. იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ის ძირითადი ფუნქცია ანუ უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და შესაბამისად, მოქალაქეებისთვის სიმშვიდე ამ მიმართულებით, საჭიროა, რომ ეროვნული ბანკი სრულად იყოს აღჭურვილი ყველა ძირითადი უფლებამოსილებით. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, განუზომელია საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის ქვეშ არსებობის მნიშვნელობა, რადგან სწორედ ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებაზე იმისთვის, რომ მიიღოს შესაბამისი და სწორი გადაწყვეტილება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ინფლაციის კონტროლის თვალსაზრისით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე განმარტებით, ევროპის ქვეყნების ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია განცალკევებული იყო ეროვნული ბანკისგან და 2008-2009 წლების გლობალური და ევროზონის ფინანსური კრიზისის დროს, აღნიშნული ფუნქციის განცალკევებულობამ იმოქმედა ძალიან სუსტად და შესაბამისად, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მივიღეთ გაძვირებული ფასები და მთლიანობაში, გარკვეული ტიპის ეკონომიკური რისკები, რომლებიც მოქალაქეებზე ძალიან მტკივნეულად აისახა. სწორედ ამის შედეგად დაიწყო ევროპაში საპირისპირო ტენდენცია.

"ამავდროულად, მეორე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ზედამხედველობასთან, უშუალოდ კომერციულ ბანკებს შეეხება. წარმოვიდგინოთ რამდენ ადამიანს აქვს დღეს ბანკებში სესხი, ანაბარი, განვადება, რომელიც ბუნებრივია ასევე სესხის ნაწილია. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკს ჰქონდეს კომერციულ ბანკებზე ეფექტური, ძლიერი და დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელების საშუალება, რათა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის დაცულობა კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში და თავის მხრივ, კომერციული ბანკები დაცული იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლისგან.  როდესაც ვსაუბრობთ ზეწოლაზე, უნდა გვახსოვდეს წინა წლების მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას ახდენდა. "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებებში მუდმივად იყო აქცენტი სწორედ იმ საკითხზე, რომ საჭიროა ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან, რათა ბიზნესმა თავად შეძლოს საკუთარი საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სწორედ იმ რისკებს, რომ შესაძლოა გარკვეული ტიპის პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდეს კომერციულ ბანკებზე. ეს ფუნდამენტური საკითხია. სუსტი და გამოყოფილი ზედამხედველობის შემთხვევაში ჩნდება სწორედ სახელისუფლებო ზეწოლის შიში, რომელიც შემდგომ, ბუნებრივია, კომერციული ბანკებიდან გარკვეული ჯაჭვური გადაცემის ეფექტით თითოეულ მოქალაქეზე აისახება და თითოეულ მოქალაქეს დააზარალებს.

უმთავრესი პრინციპი არის სწორედ ის, რომ საჭიროა ბიზნესი და პოლიტიკა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და არ შეიქმნას ბიზნესზე ზეწოლის რაიმე რისკი. ჩვენს მოდელში საუბარია სწორედ იმაზე, რომ მინიმალური და პრაქტიკულად გამორიცხულია რაიმე ფორმით მოხდეს ზეწოლა ბიზნესზე, ამ შემთხვევაში კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც გადაცემითი ჯაჭვური ეფექტი ექნება თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.