ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის ღირებულების ზრდა საზღვაო გადაზიდვესაც გააძვირებს - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” კომპანია “სოფმარის” დირექტორმა ვახტანგ ალანიამ განუცხადა. მისივე თქმით, შედეგად მოიმატებს ფასები პროდუქტზეც.
"მოკლედ და კონკრეტულად შემიძლია თქმა, რომ გაიზრდება 15%-მდე, ან უფრო ნაკლებით. რა თქმა უნდა, საუბარია როგორც საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების, ისე უშუალოდ პროდუქციის ფასზე. თუ გადაზიდვა იზრდება, ბუნებრივია, ყველა პროდუქტი გაძვირდება. გემს მოაქვს დაახლოებით, 800-900 ათასი კონტეინერი, რა დევს შიგნით, ვინ იცის. ამიტომ გემს თუ გაეზრდება ხარჯი, გამოსვლა, გატარება და ყველა სერვისი, რაც არსებობს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეში, ცხადია, პროდუქტია
ფასზე აისახება. გაიზრდება ხარჯი, გაიზრდება მაღაზიაში პროდუქციის ფასიც”, - ამბობს ვახტანგ ალანია.
კითხვაზე, როდიდან აისახება ადგილობრივ ბაზარზე ფასის მატება, “სოფმარის” დირექტორი ამბობს, რომ ამოქმედებიდან 1 თვეში.
“ბაზარზე უკვე ამოქმედებიდან 1 თვეში აისახება, მაგრამ ამას მომხმარებელი დიდად ვერც შეამჩნევს, რადგან 15% ნიშნავს, რომ ვთქვათ, 10000 დოლარი გახდება 11500 დოლარი. ეს არ არის იმხელა
თანხა, რომ დიდად შესამჩნევი იყოს უშუალოდ ერთეულ პროდუქტზე”, -ამბობს ვახტანგ ალანია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლას ისევ აძვირებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აბდულკადირ ურალოღლუს განცხადებით, „1-ლი ივლისიდან ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით გაიზრდება და 5.83 დოლარს შეადგენს.“
ცნობისთვის: 1936 წლის მონტრეს კონვენცია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გასავლელად შუქურის, გადაზიდვისა და სანიტარული ინსპექტირების გადასახადებსა და მოსაკრებლებს განსაზღვრავს. კონვენციის მიხედვით, გადასახადი ოქროს ფრანკის საფუძველზე გამოითვლება. ხელმოწერის დროს ოქროს ფრანკი 0.8 დოლარს გაუტოლდა, ხოლო კონვენციამ სრუტეებზე თურქეთის სუვერენიტეტი აღადგინა.
უკვე 2022 წელს თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში გატარების საფასური გაეზარდა. იმავე წლის ოქტომბრიდან გადასახადი 5-ჯერ, 4.08 დოლარამდე გაიზარდა.