საფრანგეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა

საფრანგეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის თავისი ზღვისიქითა ტერიტორიების მოსანახულებლად სავალდებულო სპეციალური ვიზები შემოიღო.

ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს.

კერძოდ, ახალი წესები საფრანგეთის პოლინეზიაზე, ახალ კალედონიაზე, უოლის და ფუტუნაზე, გვადელუპაზე, მარტინიკაზე, სენ-მარტენზე, სენ-ბართელემზე, რეიუნიონზე, მაიოტზე, საფრანგეთის გვიანაზე, სენ-პიერსა და მიკელონზე ვრცელდება.

აქამდე ამ ადგილების მოსანახულებლად საფრანგეთის მოქმედი მრავალჯერადი C-კატეგორიის ვიზა იყო საკმარისი, რომლის მოქმედების ვადა, მინიმუმ, ექვსი თვეა. ამ ვიზის გაფორმება იმავე სავიზო ცენტრებში არის შესაძლებელი, რომლებიც შენგენის ვიზებს გასცემენ.

ახალი მოთხოვნები საფრანგეთის D-კატეგორიის გრძელვადიანი ვიზების მფლობელებზე, ასევე, შენგენის ზონისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე არ იმოქმედებს.

ცნობისთვის: ესპანეთმა თავის აეროპორტებში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო ტრანზიტი გააუქმა. კერძოდ, 12 ივლისიდან რუს მგზავრებს ესპანეთის აეროპორტებში გადასაჯდომად უკვე სატრანზიტო ვიზა მაშინაც კი დასჭირდებათ, თუ ისინი საერთაშორისო ზონას არ ტოვებენ. გადაჯდომა 24 საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. სატრანზიტო ვიზა მხოლოდ მათ არ დასჭირდებათ, ვინც მოქმედ შენგენის ვიზას ფლობს. რუსებმა სატრანზიტო დოკუმენტები საკონსულოში გამგზავრებამდე უნდა გააფორმონ, რისთვისაც, სხვა საბუთებთან ერთად, ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, ასევე, შიდა პასპორტის გვერდების ასლები და მესამე ქვეყნიდან განაცხადის შეტანისას ბინადრობის ნებართვა უნდა წარადგინონ.

მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზები დიდმა ბრიტანეთმა და ჩეხეთმა შემოიღო, თუმცა მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ