2025 წლის 24 აპრილს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე რევაზ სოხაძე დაინიშნა. იქამდე სოხაძე თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით მოვიდა მინისტრის პოსტზე სოხაძე.
2025 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რევაზ სოხაძის სახელზეა თბილისში ბინა, რომელიც მან 2017 წელს გაცვლით მიიღო. ამასთან, მის საკუთრებაშია გაცვლით მიღებული ორი ავტოფარეხი თბილისში. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, მინისტრს მემკვიდრეობით აქვს ამბროლაურში 2 000 კვ.მ. ფართობის მიწა. კიდევ ერთი მიწა მან 2019 წელს კიკეთში 47 000 დოლარად იყიდა.
რაც შეეხება მოძრავ ავტომობილს, დოკუმენტების მიხედვით, რევაზ სოხაძეს არ ჰყავს პირადი ავტომობილი.
დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 706 ლარი და 2 200 დოლარი ჰქონდა.
გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტში რევაზ სოხაძეს ჰქონდა 50 000 დოლარი ნაღდი ფული, რომელიც წილის გასხვისებიდან, ბინის გაყიდვიდან და დანაზოგიდან ჰქონდა აღებული.
გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს აქვს ბიზნესწილებიც. კერძოდ, მას 30%-იანი წილი აქვს შპს „მაინჰაუსში“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2017 წელს არის რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ მინისტრს კომპანიაში თავისი წილების სამართავად სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.
რაც შეეხება ანაზღაურებას, სოხაძე დეკლარაციის შევსების დროს თბილისის საკრებულოში მუშაობდა. დაკავებული თანამდებობისთვის 2024 წელს ხელფასის სახით მან 64 159 ლარი მიიღო.
დოკუმენტების მიხედვით, რევაზ სოხაძეს აქვს 16 450 დოლარის ოდენობით სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2021 წელს აიღო ათწლიანი ვადით. ამავე დროს, მინისტრს 2018 წელს აღებული აქვს იპოთეკური სესხი 115 000 ევროს ოდენობით, რომელიც 2039 წლამდე უნდა დაფაროს.
რაც შეეხება მინისტრის მეუღლეს, ის ფლობს ბინას თბილისში, რომელიც 2016 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. მის სახელზეა ერთი მსუბუქი ავტომობილი, Hyundai CRETA, რომელიც 15 400 დოლარად შეიძინა 2017 წელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სოხაძის მეუღლე ფლობს აქციებს TBC BANK Group PLC-სა და BGEO Group PLC-ში. კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, მას TBC BANK Group PLC-ში 440 აქცია ჩუქებით აქვს მიღებული 2017 წელს. აქციების ნომინალი 17.5 ბრიტანული გირვანქა სტერლინგია. ამავე კომპანიის 152 აქცია ასევე ჩუქებით მიიღო სოხაძის მეუღლემ 2020 წელს, ამ შემთხვევაში ნომინალი 13.12 გირვანქა სტერლინგია. რაც შეეხება BGEO Group PLC-ს, ფლობს 7 აქციას, რომელშიც 2012 წელს 20 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, დეკლარაციის შევსების მომენტში კი აქციების ნომინალი 35.57 გირვანქა სტერლინგი იყო.
გარდა ამისა, მინისტრის მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, ჰქონდა 7 506 ლარი, 410 ევრო და 3 330 დოლარი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სოხაძის მეუღლე მუშაობდა „თიბისი ბანკში“, 2024 წელს ჯამში მისმა ხელფასმა 103 086 ლარი შეადგინა.