ყალბი უცხოური ვალუტის გასაღებისთვის თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, აჭარის ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - გოკჰან ავჯი და კურტულუშ სოსლუოღლუ დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და საქართველოს მოქალაქეებზე გაასაღეს, სხვადასხვა ოდენობის ყალბი ამერიკული დოლარის და თურქული ლირას კუპიურები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.