უყურადღებოდ დარჩენილი კურორტები

საქართველო ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის და ზღვის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყანაში სულ 100-ზე მეტი კურორტია, თუმცა მათი დიდი ნაწილი უყურდღებოდაა დარჩენილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ია თაბაგარის თქმით, კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის პირველ რიგში საჭიროა ინფრასტრუქტურის გამართვა.

„მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სანახაობა და კომფორტი. სანახაობაში ვგულისხმობ იმას, რომ დამსვენებელს ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდეს. ვიზიტორს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ წყალი დაბინძურებულია, ან გარემო არ არის სუფთა“, - ამბობს ია თაბაგარი.

მსგავსი პრობლემები აქვს თეთრიწყაროს რაიონში მდებარე კურორტ მანგლისსაც, რომელიც მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მანგლისი განსაკუთრებით პოპულარულია მაისში, როდესაც ფიჭვი ყვავილობს. გარდა ამისა, მანგლისი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ამიტომაც მსურველს დედაქალაქიდან შაბათ-კვირასაც შეუძლია ჩასვლა. თუმცა, არც მანგლისშია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კურორტზე არც სასტუმროები და არც კვების ობიექტებია. გზების რეაბილიტაციის შემდეგ მანგლისში არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ დამსვენებლები მიეზიდათ. უფრო მეტიც, ადგილობრივები ჩივიან, რომ მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წელია გაუარესდა. „პირველ რიგში გვაქვს წყლის და გაზის პრობლემა. წელს სეზონი ჩავარდა, ხალხი აღარ ამოვიდა, იმის გამო, რომ წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის გამო გაზიც არ გვაქვს, ასევე დამსვენებელს უწევს სხვა უფრო გრძელი და ცუდი გზით ჩამოსვლა. საერთოდ არაფერი გაკეთებულა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ადრე კარუსელები ამოჰქონდათ და პარკში დგამდნენ. წელს ეგენიც აღარ ამოუტანიათ“, - ამბობს მანგლისის მკვიდრი თალი სულეიმანაშვილი.

გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ შოვშიც. „პირველ რიგში უნდა გაკეთდეს გზა. ჰაერი უნიკალურია. აქ ერთად ხარობს ნაძვი, ფიჭვი და სოჭი. აქ არის მინერალური წყლები, ლამაზი ბუნება, ასეთი კურორტები ფაქტობრივად არ არსებობს საქართველოში, სადაც ყველაფერი ასე ერთად იყოს თავმოყრილი. ასეთ სიმდიდრეს არ აქცევენ ყურადღებას“, - ამბობს რაჭის მცხოვრები, გიორგი ხომასურიძე.

bpnკიდევ ერთი კურორტი, რომელსაც უყურადღებობა ეტყობა, აბასთუმანია. იმის გარდა, რომ აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, სამკურნალო წყლებითაც არის მდიდარი. თუმცა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, დამსვენებელი აქაც ცოტაა. „საკვები ობიექტები ფაქტობრივად, არ არის. აბანოების სარემონტო სამუშაოებიც დიდი ხნის წინ ჩატარდა. მხოლოდ გზა არის გაკეთებული. იმ სასტუმროში, სადაც ჩვენ დავბინავდით, ნორმალური პირობებია, მაგრამ ძველი შენობაა. მთლიანობაში აბასთუმანში ყველაფერი ძველისძველი და მოუწესრიგებელია”, - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი, ანა წიკლაური.

მანგლისის, შოვისა და აბასთუმნის გარდა, არსებობს სხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და უყურადღებოდ დარჩენილი კურორტები: ნაბეღლავი, ცემი, უწერა, სქური, თორღვას აბანო, ნუნისი და სხვა. რაც შეეხება წყალტუბოს, ამ კურორტის რეაბილიტაცია ნაწილობრივ დაწყებულია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, წყალტუბოში ქალაქის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს: „ამჟამად სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის პროექტი ხელსაყრელ გარემოს შექმნის ბალნეოლოგიური კურორტის მუშაობისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის განვითარებისთვის, რაც წყალტუბოს წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ კურორტების განვითარებისთვის გარკვეულ ღონისძებები ტარდება. „რეგიონების და კურორტების პოპულარიზაციას ემსახურება სხვადასხვა პრესტურები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ატარებს. შესაძლებლობა ჩნდება ვიფიქროთ ოთხსეზონიან მიმართულებაზეც. ძალას იკრებს როგორც წყალტუბო, ისე ბორჯომი ამ მხრივ, შესაბამისად ჩვენი ამბიციური მიზანიც ისაა, რომ საქართველო და მისი კურორტები ვაქციოთ ყველა სეზონისათვის საინტერესო მიმართულებად. ამისათვის სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რათა მოხდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება“ , - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

საქართველოს კურორტებს შორის ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩევა ბათუმი, მესტია, ბაკურიანი და გუდაური. სხვა კურორტებთან შედარებით, აქ მეტნაკლებად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა. თუმცა, ინფრასტრუქტურის გარდა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი მარკეტინგი იმისათვის, რომ ვიზიტორები, განსაკუთრებით კი უცხოელები საქართველოს კურორტებით დაინტერესდნენ.

თამთა ჯიჯავაძე