საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 35%-ზე მეტი ახლო აღმოსავლეთიდან იყო - visa-ს კვლევა

საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 35%-ზე მეტი ახლო აღმოსავლეთიდან იყო, 30% - ევროპიდან, ხოლო 25% დსთ-ს ქვეყნებიდან - ამის შესახებ აღნიშნულია Visa-ს კვლევაში, რომელიც საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დინამიკას ეხება.

ამავე კვლევის მიხედვით, უცხოელი ტურისტების დაახლოებით 80% ორ კვირაზე ნაკლებ დროს ატარებს ქვეყანაში, თითქმის 50% კი სამ დღეზე ნაკლებს. უმრავლესობამ (55%) მხოლოდ ერთი ქალაქი მოინახულა – ძირითადად თბილისი, ბათუმი ან ქუთაისი.

„მოგზაურობისთვის ზაფხული კვლავ პიკური სეზონია, რომელსაც მოსდევს შემოდგომა: განსაკუთრებული სეზონურობით ხასიათდებიან ტურისტები საუდის არაბეთიდან, რომლებიც ძირითადად ივლისსა და აგვისტოში ჩამოდიან, ხოლო თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - ზაფხულსა და ზამთარში, განსაკუთრებით დეკემბერში“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორების თქმით, კვება და კულინარია ტურისტების დანახარჯების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ტრანზაქციების შესახებ მონაცემები აჩვენებს, რომ საკვები ვიზიტორის გამოცდილების ძირითადი ნაწილია, მიუხედავად მოგზაურობის ხანგრძლივობისა.

„საქართველო გამორჩეული მაგალითია თუ როგორ უწყობს ხელს ინოვაციებისადმი ღიაობა ტურიზმისა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას. AmCham-თან პარტნიორობით, Visa კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, შექმნას დიალოგის პლატფორმები და ხელი შეუწყოს ზრდის ახალ შესაძლებლობებს ტურიზმის სექტორში. როგორც სანდო მოგზაურობის პარტნიორი, Visa მოხარულია გააზიაროს გლობალური გამოცდილება და ხელი შეუწყოს საქართველოს ვიზიტორთა ეკონომიკის განვითარებას საქართველოში”, - განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ.