ყვარელში ტურისტული სეზონი ჩავარდა

”მოსავალი სეტყვამ გაანადგურა, ტურისტებიც აღარ ჩამოდიან, ერთი სიტყვით, მძიმე წელი გველოდება”

კულტურის ცენტრად წოდებულ და წინა ხელისუფლების დროს გაპიარებულ ყვარელს რთული პერიოდი დაუდგა. ადგილობრივების თქმით, წინა წლებთან შედარებით, ყვარელში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, საგანგებოდ ტურისტებისთვის გახსნილი საოჯახო სასტუმროები კი - დაკეტილი. ”კაცმა სიმართლე უნდა თქვას, წინა ხელისუფლება კარგი იყო თუ ცუდი, ყვარელი გაგვილამაზა, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა, ტურისტებიც მრავლად ჩამოდიოდნენ. მათი სახით ადგილობრივ მოსახლეობას შემოსავლის ახალი წყარო გამოგვიჩნდა. ამიტომ, საოჯახო სასტუმროები გავხსენით, გვიხაროდა, სული მოვითქვით და უცებ, ყველაფერი გაჩერდა. ტურისტი სანატრელი გაგვიხდა. თითო-ოროლა ვინც კი ჩამოდის, ის ძვირადღირებულ სასტუმროს სტუმრობს. გაიარეთ და თქვენი თვალით ნახეთ, ყვარელი როგორ ჩაკვდა. რაც გაკეთებული იყო, ისიც მოსპეს," - ჩივიან ადგილობრივები.

bpn

საოჯახო ტიპის სასტუმროს ფასები 25-დან 60 ლარამდე მერყეობს, რა თქმა უნდა, კვების გარეშე.

ყვარელში დაახლოებით 3-4 მაღალი დონის სასტუმროა, რაც ადგილობრივების თქმით, ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ”ყველა უცხოელი მილიონერი ხომ არ არის? ზოგს სულ არ სურს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება. მათთვის მთავარია ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერონ და სასტუმროში მხოლოდ დასაძინებლად შემოდიან. წინა წლებში მართლა ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. სხვათა შორის, ქართველებიც გვსტუმრობდნენ. ოჯახებით მოდიოდნენ. სლავები, აზერბაიჯანელები, ამერიკელები ჩამოდიოდნენ. ახლა სასტუმრო გამოკეტილი მაქვს. კანტიკუნტად თუ გამოჩნდება ვინმე, ისიც 1-2 დღით",- გვითხრა ერთ-ერთი საჯახო სასტუმროს მეპატრონემ.

ადგილობრივები გაუმართავ ინფრასტრუქტურაზეც ჩივიან.

ერთ დროს ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად ქცეული ”9 აპრილის” პარკი საღამოობით უკაცრიელია. პარკში ლამპიონების უმეტესობა ჩამსხვრეულია, განათება არ არის, ახლით შეცვლაზე კი, რატომღაც არავის უფიქრია. სკვერში მოსასვენებელი სკამების უმეტესობა დამტვრეულია. ასევე, დამტვრეული და დაჟანგულია საქანელებიც.

ამ მხრივ უკეთესი ვითარება არც ილიას ტბაზე დაგვხვდა.

დაახლოებით სამი წლის წინ, ტბის მიმდებარე ტერიტორია ნამდვილ წალკოტად აქციეს - პარკში ხეები დარგეს, იქვე საბავშვო მოედნები და ჰამაკები გამართეს, მაგიდები და სკამები დადგეს. პარკში საბავშვო აუზი გაკეთდა, ტბის გარშემო კი ველოტრასა გაიყვანეს. სპორტის მოყვარულებისთვის პარკში ფეხბურთისა და კალათბურთის მინი მოედნებიც მოაწყვეს. თუმცა, იქ მისულს რადიკალურად შეცვლილი სურათი დამხვდა - დამტვრეული საქანელები, მოუვლელი პარკი, ხშირი ბალახები, ტბის ნაპირზე მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნაგავი და მოუვლელი საზოგადოებრივი საპირფარეშო. ტბისკენ ჩამავალ კიბესთან აღმართული ბანერი სტუმარს აფრთხილებს არაფხიზელ მდგომარეობაში ბანაობის აკრძალვის შესახებ. სამწუხაროდ, მიმდინარე ზაფხულს ილიას ტბაში ნასვამ მდგომარეობაში ბანაობისას რამდენიმე ახალგაზრდა დაიხრჩო. ”რამდენიმე კვირის წინ, ტბაზე ქარი ამოვარდა, ახალგაზრდა მამაკაცები წყლის ველოსიპედებით ტბის შუაგულში იყვნენ შესული, ყვიროდნენ, შველას ითხოვდნენ, ნაპირზე გასვლას ვერ ახერხებდნენ. ერთი მაშველი არ იყო ტბის სანაპიროზე. ვიდექით და ვუყურებდით განწირულ ადამიანებს. თვითონვე იმარჯვეს და ნაპირამდე გამოაღწიეს, გადარჩნენ. სად იყვნენ ამ დროს მაშველები? რაში უხდიან ფულს? ვეღარ გაგვიგია,” - ამბობენ ადგილობრივები.

bpn"უწინ საღამოობით, მეგობრები ტბაზე ხშირად ავდიოდით. სამსახურის შემდეგ იქ ყოფნა ერთგვარი განტვირთვა იყო, თუმცა ახლა იქაურობა ისეა ჩაბნელებული, დიდ მანძილზე მარტო სიარული სახიფათოც კი არის. თქვენც ხედავთ, აქვე ტყეა და გამორიცხული არ არის ნადირი ჩამოვიდეს. ზაფხულობით აქ სულ ხალხმრავლობა იყო. ადგილობრივები, დამსვენებლები, ტურისტები, მიმდებარე სოფლებიდანაც კი ჩამოდიოდა ხალხი. 24 საათი პოლიცია პატრულირებდა, რომ რამე არ მოხმდარიყო. ახლა აღარც პოლიციაა და ხალხიც კანტიკუნტად დადის. აქაურობა ისეთი მოუვლელია, რომ გული გვწყდება,“ - სწუხს ადგილობრივი მანუჩარ იმერლიშვილი.

bpn„აქაურობა ჩაკვდა. ყვარელზე ვინმე ზრუნავს? ქალაქის ან ჩვენს სასიკეთოდ ვინმე რამეს აკეთებს? - არა! ერთეულები ათასებს შოულობენ, გლეხი ვის ახსოვს. განა ჩვენს ცხოვრებას ცხოვრება ჰქვია, მხოლოდ ვარსებობთ. ერთ დროს მდიდარ რაიონს, რომელიც ნახევარ საქართველოს ამარაგებდა პროდუქტებით, საქმე სამოწყალოდ გაუხდა. სამუშაო ადგილები არ არის. ამ ერთ გამგეობასა და იუსტიციის სახლში რამდენმა უნდა იმუშაოს? ახალგაზრდობა აქედან გარბის, ჩვენი ქალების უმრავლესობა საბერძნეთსა და იტალიაში წავიდა. იქ სიმწრით ნაშოვნი ფულით აქ 3-4 სულიან ოჯახებს ინახავენ," - ჩივიან ყვარლელები.

მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. საზამთროს ბაღები, ატამი, ნესვი, სიმინდი - ეს იმ ძირითადი პროდუქტების ჩამონათვალია, რომლის რეალიზაციიდან შემოსული თანხით ადგილობრივები წლიდან წლამდე საზრდოობენ. თუმცა, ყვარლელების თქმით, წლევანდელი მოსავალი გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა გააფუჭა, უკვე აკვირტებული ხეხილი ყინვამ გააფუჭა, სეტყვამ კი დარჩენილი მოსავალიც გააფუჭა. „წელს ძალიან მძიმე წელი გველის. შარშანდელთან შედარებით, წელს ატმის მესამედსაც ვერ მოვკრეფთ, საზამთროს ბაღებშიც იგივე მდგომარეობაა, სეტყვამ ყველაფერი მოსპო. ზაფხულში, კახეთში პამიდორი 2, 50 ლარი და ბულგარული წიწაკა 2 ლარი რომ ეღირება, ზამთარში კარგს რას უნდა ველოდოთ? მგონი სულ დავიღუპეთ. ეს დალოცვილი ბუნებაც თითქოს ადამიანის წინააღმდეგ არის, მიწა მოსავალს არ გვაძლევს. გვალვა თუ სეტყვა მოსავალს ერთიანად აჩანაგებს, არადა, ზამთარში თავი რით ვირჩინოთ? მთავრობას კარგა ხანია გლეხები მიავიწყდა. ისინი თავიანთი ჯიბეების გასქელებაზე ფიქრობენ, ჩვენ კი, ჩვენი შრომით და წვალებით დღიური ლუკმა უნდა ვიშოვოთ,” - ჩივის ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ, ყვარლის მუნიციპალიტეტის პოზიციით დავინტერესდით. სამწუხაროდ, ჩვენს შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. ყვარლის გამგებელთან ილია მზექალაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ.

სალომე გოგოხია