გამოკითხული კომპანიების 64% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას, ამასთან, მხოლოდ 18% აპირებს 2025 წლის მე-2 კვარტალში ხელფასების ზრდას. ამის შესახებ PMCG კვლევაშია აღნიშნული.
ამასთან, გამოკითხული კომპანიების 40%-მა 2025 წლის 1-ელ კვარტალში თანამშრომლების ხელფასი გაზარდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 2024 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით ნაკლებია. მათგან 92%-მა ხელფასები 0-20%-ით გაზარდა, ხოლო 8%-მა - 20-40%-ით.
PMCG-ის მონაცემებით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2025 წლის კვ. II-ის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 29% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, ხოლო 64% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
ამავე კვლევის მიხედვით, სექტორებს შორის, 2025 წლის 1-ლი კვარტლის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება 2025 წლის მე-2 კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა.