მოხდება თუ არა რთველის სუბსიდირება

ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან

მოხდება თუ არა ყურძნის სახელმწიფო სუბსიდირება შემცირებული საექსპორტო არეალის ფონზე, რა ბედი ელით სეტყვით დაზარალებულებს და როდის დასრულდება სარწყავი არხების რეაბილიტაცია საქართველოს მასშტაბით -  ამ და სხვა საკითხებზე bpn სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილეს, ნოდარ კერესელიძეს ესაუბრა.

- არსებობს დიდი ალბათობა, რომ წელს გლეხებს ყურძნის რეალიზაცია გაუჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მოხდება თუ არა ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდირების გადაწყვეტილების გადახედვა?

- ყურძნის სახელმწიფო სუბსიდირების საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯერჯერობით, არ ვიცით როგორი იქნება სახელმწიფოს მონაწილეობა. ამის შესახებ ზუსტი პასუხი ახლო მომავალში გვექნება.

- რაც შეეხება ციტრუსის სუბსიდირებას, გასული წლის მსგავსად წელსაც იქნება თუ არა?

- ჩვენი თვითმიზანი სუბსიდირება არ არის. ეს ბაზრის კვლევიდან, მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარეობს.

- არსებობს ბაზრის კვლევა?

- ჯერ სავარაუდო მოსავალი უნდა გავაანალიზოთ, რაზეც მონიტორინგი მიმდინარეობს. როცა სურათი გვექნება, შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

- ცოტა ხნის წინ მოსულმა სეტყვამ ყვარლის რაიონი სერიოზულად დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ყვარელში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა, სეტყვა ერთიანად წამოვიდა. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო არც ერთი დანადგარი 100%-იანი ეფექტურობით არ მუშაობს. ჩვენი სისტემა, რაც ყვარლის რაიონში არის, 80-85% ეფექტურობისაა. ის რომ, 100%-ით სეტყვა არ მოვა, ამის გარანტია არ არსებობს. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედებამდე საქმეში ჩართულია საქაერონავიგაციაც. თუკი კონკრეტულ საჰაერო სივრცეში ერთი ბორტი მაინც არის, მაშინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავება დაუშვებელია. ყვარელთან დაკავშირებით სწორედ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ყვარელში მოსული სეტყვის დროს ჰაერში სამი ბორტი იყო. სანამ ამ ბორტების მიწაზე დაშვება არ მოხდა, მანამდე სისტემის ამოქმედება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდა, დაახლოებით 20-30 წუთი. ამის მერე სისტემამ ღრუბლის დამუშავება დაიწყო. სხვა შემთხვევაში გაცილებით მეტი ზარალი იქნებოდა, ვიდრე მივიღეთ.

- ყვარელში მოსულმა სეტყვამ რამდენიმე ასეულ ჰექტარზე ვენახების, საზამთროს ბაღებისა და სიმინდის ყანების 70-80% გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, მოსავლის მოსაყვანად აგროსესხები აქვთ აღებული და ზარალის ანაზღაურების გარეშე ვალის გადახდას ვერ შეძლებენ, ხოლო სადაზღვევო კომპანიები ზარალის ანაზღაურებას აჭიანურებენ. რა გახდა ამის მიზეზი? მათ, ვისაც ნაკვეთები დაზღვეული ჰქონდა, ზარალი აუნაზღაურდებათ?

- მოგეხსენებათ, რომ დაზღვევას თავისი პროცედურები აქვს. შესაძლოა, სტიქიის შემდეგ მყისიერად, მეორე დღესვე ზარალის ანაზღაურება ვერ მოხდეს, რადგან საჭიროა ექსპერტის შესაბამისი შეფასება. ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ვინც აგროდაზღვევით ისარგებლა, მათ ზარალს აუნაზაურებენ.

- კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კახეთის რეგიონს წლებია აწუხებს - უწყლობაა. სარწყავი არხები ნაკლებად ან თითქმის არ არის, გვალვა თუ სეტყვა მოსავალს ერთნაირად ანადგურებს. ამ პრობლემის მოგავრებას როდისთვის გეგმავთ?

- მოგეხსენებათ, 2010 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თითქმის 65 კილომეტრი მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, 11 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გასარწყავიანდა. რა თქმა უნდა, წყლის პრობლემა კახეთში არის. ამ პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. 2021 წლისთვის კი, საქართველოს ყველა რაიონში სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დასრულდება.

სალომე გოგოხია