ნათია სხვიტარიძის ისტორია იმ ადამიანების მაგალითია, ვინც იცის, რა სურთ და საით მიდიან. წლების წინ, როცა მან სწავლა საერთაშორისო ფინანსების მიმართულებით დაიწყო, მან ზუსტად იცოდა, რომ ერთ დღესაც საკუთარი ორგანიზაცია ექნებოდა. დღეს ის FAS Group-ის დამფუძნებელია – კომპანიის, რომელმაც საქართველოში, ბუღალტრულ და ფინანსურ სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და ამავე დროს, გახდა პირველი კომპანია, ვინც ქართული მომსახურება ექსპორტზე გაიტანა.
„ყველაფერი დაიწყო ევროპული განათლებით“
ევროპაში მიღებული განათლებასთან ერთად, ნათია აქტიურად სწავლობდა ადგილობრივი აუდიტორულ და ფინანსურ კომპანიების მუშაობის სტილსა და მიდგომებს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, საქართველოში დაენერგა ევროპული სტანდარტის შესაბამისი მომსახურების ხარისხი.
თუმცა, წინ კიდევ რამდენიმე წელი იყო საჭირო – ჯერ გამოცდილება უნდა დაეგროვებინა. ის მუშაობდა როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე და როცა იგრძნო, რომ დრო მოვიდა, საკმაოდ მაღალი პოზიცია დატოვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და გადაწყვიტა, მთელი ენერგია საკუთარი კომპანიის შენებისთვის დაეთმო. 2021 წლიდან FAS Group-მა აქტიური ოპერირება დაიწყო.
მცირე გუნდიდან დიდ წარმატებამდე
დასაწყისში FAS Group-ში მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობდა. დღეს კომპანიაში 20-ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული და იგი 300-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება როგორც ქართულ, ისე ევროპულ ბაზარზე.
წარმატება არასდროს მოდის სირთულეების გარეშე - კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა იყო. სწორედ ამიტომ, ნათიამ დააარსა ბუღალტერთა სკოლა FAS School, სადაც კომპანია თავად ამზადებს ახალგაზრდა სპეციალისტებს და საუკეთესოებს გუნდშივე ინარჩუნებს.
მეორე დიდი გამოწვევა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მეწარმეების ცნობიერების ამაღლება აღმოჩნდა. საქართველოში ბევრ მეწარმეს არ აქვს წარმოდგენა, როგორ შეიძლება სწორმა აღრიცხვამ ბიზნესის განვითარებას შეუწყოს ხელი. ამიტომ ნათია FAS Group-თან ერთად ატარებს სემინარებს, ვორქშოპებს, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ცდილობს ამ კულტურის დანერგვას და საქართველოში ბუღალტრული და ფინანსური კლიმატის შეცვლას, რაც თავის მხრივ ცვლის და ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს განვითარებას.
ინოვაცია - FAS APP ციფრული ბუღალტერი
ახალი მიმართულებების დანერგვა, კომპანიის შენება ნულიდან ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესომდე - ეს ის პროცესია, რომელიც ნათიას დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ფაქტია, კარგადაც გამოსდის. მისი შემდგომი ნაბიჯი ფინანსური და ბუღალტრული პროცესების თანამედროვე ტენდენციებზე მორგება და გაციფრულება გახდა. ასე გაჩნდა FAS Group - ში კიდევ ერთი მიმართულება, FAS Tech, რომლის პირველი პროდუქტი - FAS App ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.
FAS App უნიკალური მობილური აპლიკაცია, რომელიც მეწარმეებს საგადასახადო აღრიცხვას უმარტივებს. აპლიკაცია ავტომატურად ითვლის შემოსავლებს, აგზავნის დეკლარაციებს და ხაზინაში იხდის გადასახადს.
როგორც ნათია ამბობს, FAS App საქართველოში უნიკალურია და ბაზარზე ანალოგი არ აქვს. აპლიკაცია არა მხოლოდ ამცირებს ხარჯებს, არამედ მეწარმეს აძლევს საშუალებას, უკეთ მართოს საკუთარი ბიზნესი.
სწორედ ეს აპლიკაცია წარადგინა მან წელს ინვესტორების წინაშე SELECTUSA Investment Summit-ზე, სადაც აპლიკაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ნათია ერთადერთი გამომსვლელი იყო საქართველოდან.
ამავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო Startup Grind-ზეც – მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტარტაპ-ღონისძიებაზე, რომელიც სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაიმართა. ახალი იდეები და პარტნიორები, აშშ-ის ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობები - ამ შედეგებით დასრულდა მისი ვიზიტი.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - ყველაფერი წინ არის.
„თუ რაიმე გსურს – უნდა სცადო“
ნათიას სჯერა, რომ ქალებმა რაც არ უნდა მოინდომონ, ყველაფერი გამოუვათ. მთავარია არ შეუშინდნენ ცვლილებებს. ყველაზე მთავარი გამბედაობაა. თუ გსურთ – სცადეთ. რთული იქნება, მაგრამ სწორი ადამიანებთან თანამშრომლობით შედეგი აუცილებლად დადგება.
ის განსაკუთრებით ამაყობს საკუთარ გუნდით და მიაჩნია, რომ მათი გარეშე ვერაფერს მიაღწევდა.
ნათია სხვიტარიძე – ეს არის ქალი, რომელმაც ბუღალტერია და ფინანსები მეწარმისთვის უფრო გასაგები, ეფექტური და ხელმისაწვდომი გახადა, ხოლო ქართული მომსახურება საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. მის საქმიანობაში ნათლად იკვეთება ის ღირებულებები, რაც წარმატებას უდევს საფუძვლად — მკაფიო მიზნები, თავდაუზოგავი შრომა და სიყვარულით გაკეთებული საქმე.