„სამართალდარღვევებს არც ეხება და ვერც შეეხება“ - რა განმარტებებს აკეთებს იურისტი აქტუალურ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, კანონპროექტი, რომელსაც პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 24 ივნისს განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულს, რომელსაც ქონებრივი ზიანი მიადგა, მისი გამარტივებული წესით ანაზღაურების საშუალება ექნება, რის გამოც ცვლილებები ხუთ კანონში შედის - „სისხლის სამართლის კოდექსი“; „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი; „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონი; „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტებებს აკეთებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ბევრმა იკითხა და ეს კანონპროექტი არ ეხება სამართალდარღვევათა კოდექსით დაკისრებული ჯარიმების (გზის გადაკეტვა და სხვა მსგავსი ჯარიმები) ამოღებას და მასთან არაფერი აქვს საერთო არანაირი ფორმით.

მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ან დაკავშირებული პირისგან დანაშაულის საგნის ამოღება ხდება დასაშვები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე (ფულის გათეთრება) და სხვა დანაშაულებზე ეს წესი არ მოქმედებს;

მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ან დაკავშირებული პირისგან მხოლოდ დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ამოღებული და არა ნებისმიერი ქონება. კანონპროექტში ასე წერია და რას ჩათვლიან დანაშაულის საგნად, ეს მეორე საკითხია.

სხვა დანაშაულებზე (არა ფულის გათეთრებაზე) დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად მსჯავრდებულის ქონებიდან ხდება ზიანის ანაზღაურება, არა ოჯახის წევრების ქონებიდან. თუ ქონება მოჩვენებითაა გადაფორმებული სხვაზე, ეს შეიძლება სამოქალაქო დავის საგანი გახდეს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამავე კანონპროექტით საზღვრის კვეთაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები ფინანსური დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში (და არა სამართალდარღვევებზე)

აქვე ერთი შენიშვნა მექნება, რაც დავწერე, ინიცირებული ვერსიითაა განმარტებული და შემდგომ როგორ შეიცვლება, ვერ გეტყვით, თუმცა სამართალდარღვევებს არც ეხება და ვერც შეეხება“, - წერს იურისტი.

შეგახსენებთ, კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.

ირაკლი ფოფხაძე