აქ კარაქი, კანფეტი თუ საპონიც ხეზე იზრდება...

"ეზოში ხარობს ავსტრალიური მცენარე კალისიმონი, ჩინური მაჰონია, ევონიმუსები, ურთხელი, რომელსაც გადმოცემით, თამარ მეფემ "უთხოვარა" შეარქვა... ამბობენ, უთხოვარა და კიპარისი 2 ათას წელზე მეტს ცოცხლობენო..."

სამტრედიის ტყე-პარკი წლების წინ თვალს ახარებდა, დღეს კი ხელის შევლებას საჭიროებს.

მას ბოლო ათწლეულებში "მცენარეთა­ მესაიდუმლე" ვლადიმერ კახიანი ხელმძღვანელობდა. ახლა მისი გახარებული კარ­აქის, კანფეტის, საპნისა და ბანანის ხეები (სხვა იშვი­ათი ჯიშის მცენარეებთან ერთად) თითქმის ყოველი მეორე სამტრედიელის ეზოს ამშვენებს. ჩვენ ვლად­იმერ კახიანის შვილიშვილს, მის სეხნიას ვესტუმრეთ. ისიც მებაღეობით არის გატაცებული.

როგორ გაახარეს ბაბ­უამ და შვილიშვილმა იშვიათი ხეების ჯიშები სამტრედიაში და რა დანიშნულება უპოვეს იმერლებმა 6-მეტრიან ჭინჭარს, უმცროსი ვლადიმერ კახიანი მოგვითხრობს...

- მცენარეთა მოვლა-გამრავლება ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ბაბუა სამტრედიის ტყე-პარკს ხელმძღვანელობდა, მეც იქ გამგედ ვმუშაობდი. ამ საქმიდან ფინანსური სარგებელი არ მქონია, თუმცა ცოდნა კი დამიგროვდა. ტყე-პარკს ბაბუა შვილივით უვლიდა, სულ კითხულობდა სპეციალურ ლიტერატურას, იშვიათ ნერგებს ეძებდა, ახარებდა, ამრავლებდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უცნობს თუ ნაცნობს ნერგების გამოგზავნას სთხოვდა. არაერთი ჯიშის მცენარე თავად შემოიტანა. სამტრედიის ტყე-პარკში 400 სახეობის მცენარე გაახარა და 8 ათასი ძირი ხე დარგო. ბევრი ნერგი შემოიტანა ადლერის ბოტანიკური ბაღიდან. ასე გაჩნდა ჩვენს მიწაზე უცხო ჯიშის ღვია, ჭრელი ევონიმუსი, იაპონური აუკუბა, ავსტრალიური კალისიმონი, ჰაკიკის ხე...

- რამდენადაც ვიცი, ვლადიმერ კახიანის წყალობით თითქმის ყოველი მეორე სამტრედიელის ეზოში ხარობს კარაქის, კანფეტის, საპნის ხეები...

- კი, ასეა.  ე.წ. კარაქის ხეს აზიმინა ჰქვია. მისი ნერგი ბაბუამ ადლერიდან შემოიტანა. მწვანე ნაყოფს­ ისხამს, რომლის შიგთავსშიც კურკის გარშემო ცხიმია, კრემის გემო აქვს და ბანანივით 5-6 ნაყოფი ერთად ასხია. მართლაც იშვიათი ჯიშის მცენარეა კანფეტის ხე. მის ნაყოფს ბაბუა ვერ მოესწრო. ამბობდა, 10 წელია, ეს მცენარე დავრგე, მაგრამ ნაყოფი ჯერ არ მოუცია. კანფეტის ხედ მომყიდეს და, ეტყობა, მომატყუესო. ბაბუას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ხემ წვერში უამრავი ქიშმიშის მსგავსი ძალიან ტკბილი ნაყოფი მოისხა. ის ზამთრისთვის მწიფდება. საპნის ხე კი მრგ­ვ­ალ ნაყოფს ისხამს და ჩვეულებრივი საპნის თვისება აქვს.

- დღეს დასავლეთ საქართველოში ბევრგან ხარობს ბანანის გიგანტური ბალახი...

- დიახ. თუმცა, ჩვენთან მას ბანანის ხეს ეძახიან. ნაყოფი კი გამოაქვს, მაგრამ დამწიფებას ვერ ასწრებს. აქაურები ამბობენ, მზე არ ჰყოფნისო. მაინც მგონია, რომ კარგი ჯიში არ არის შემოტანილი.

- სამტრედიელები იმედს არ კარგავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბანანი დამწიფდება?

- რა თქმა უნდა. ბევრი სილამაზის გამოც რგავს, ზოგსაც იმედი მართლაც აქვს, რომ მის ეზოში ოდესმე დამწიფდება. ბაბუაჩემმა ნესვის ხეებიც ჩამოიტანა და გაახარა, სხვებსაც აჩუქა, მაგრამ გაუხმათ, რადგან ჩვეულებრივი ნესვისგან განსხვავებით, ამ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.  ნესვის ხე მრავალწლიანი მცენარეა, ხესავით­ იზრდება და ზამთარ-ზაფხულ ნაყოფს იძლევა... ტყე-პარკს ბაბუას ხელი ნამდვილად დააკლდა, თუმცა მე ბევრი მცენარის ჯიში უკვე ეზოში მაქვს და შემიძლია, ტყე-პარკშიც გადავიტანო.

ჩემს ეზოშიც ხარობს ავსტრალიური მცენარე კალისიმონი, ჩინური მაჰონია, ევონიმუსები, ურთხელი, რომელსაც გადმოცემით, თამარ მეფემ "უთხოვარა" შეარქვა... ამბობენ, უთხოვარა და კიპარისი 2 ათას წელზე მეტს ცოცხლობენო...  წელიწადში 4 თვე მოსკოვში ერთ-ერთი­ მილიონერის ბაღს ვუვლი. იქ უამრავი დეკორატიული მცენარე გავახარე, ბევრი ნერგი თავადაც ჩამოვიტანე და კიდევ მინდა რამდენიმეს შეძენა.

ბაბუას ვარდი ძალიან უყვარდა, მე - არა, რადგან ზამთარში ყვავილი არ აქვს. ამიტომ მარადმწვანე მცენარეებს ვამრავლებ. მხოლოდ შავი ვარდი გავახარე ჩემს პატარა სათბურში. რუსეთიდან შემოვიტანე ჯუჯა ფიჭვი და მრგვალი ნაძვი. ახლა ძალიან მინდა ლურჯი ნაძვის შემოტანა, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის. ხეხილის მყნობა-გამრავლება ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა ჩემს ეზოში 2 ჯიშის ძალიან მაღალი და მსხმოიარე კაკლის ხეები­ მაინც გავახარე. თხელკანიანი, უგემრიელესი ნაყოფი აქვს. 100 კგ-მდე მოსავალს იძლევა.

- მსმენია, რომ ბაბუათქვენს ძალიან მაღალი ჭინჭარიც გაუზრდია.

- ერთხელ გაზეთში წაიკითხა, ჩეხოსლოვაკიაში ვიღაცამ 4,15 მ სიმაღლის ჭინჭარი გაზარდა და გინესის რეკორდსმენი­ გახდაო. სამტრედიაში ჭინჭარი ისედაც 3 მეტრამდე იზრდება და ბაბუამ რეკორდის­ მოხსნა - 4,75 მ სიმაღლის ჭინჭარი გაზა­რდა. შემდეგ კი შედეგი 6 მეტრამდე გააუმ­ჯობესა.

- მას მხოლოდ გინესის რეკორდსმენობა სურდა, თუ 6-მეტრიან ჭინჭარს რამე სარგებლის მოტანაც შეუძლია?

- გინესის რეკორდსმენობა სურდა... თუმცა მაშინ ხმა ვერ მივაწვდინეთ საჭირო ხალხს და დავრჩით ამ ტიტულის გარეშე. ისე კი, ჭინჭარს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ მაინცდამაინც 6-მეტრიანი რატომ უნდა იყოს, ვერ გეტყვით...

- ახლაც არის თქვენს ტყე-პარკში ეს ექვსმეტრიანი ჭინჭარი?

- ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ჭინჭ­არი გახმა. თუმცა, თუ საჭირო გახდა, ვიცი, როგორც უნდა გავზარდო...

ეკა ასათიანი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"