ტურიზმი აფხაზეთში უმძიმეს ფონზე

"ადგილობრივ ტელევიზიებში მუდმივად ტრიალებს რეკლამა, თუ როგორი მიმზიდველი და ლამაზი გახდა აფხაზეთი"

"წლიდან წლამდე ცოტა უფრო მეტის მოლოდინში", - ასე აფასებს ტურიზმის სეზონს აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობა.

მათი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს მცირედი უკეთესობა შეინიშნება, რაც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებით აიხსნება. იმ რუსი ტურისტების თქმით, რომლებმაც წელს არჩევანი აფხაზეთზე გააკეთეს, ყირიმში არაფერი ხდება, იქაურობა ცარიელია და გაპარტახებული...

მოსახლეობის იმედგაცრუების კვალდაკვალ, ადგილობრივი ე.წ. სახელმწიფო მოხელეები დაუღალავად იმეორებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ლამის ჩინოვნიკურ ფორმულად იქცა გამოთქმა, - "წელს ბევრად უფრო მეტი ტურისტია, ვიდრე - შარშან და ან იმის წინა წლებში". საქმე ის არის, რომ ყირიმში თავისუფლად დასვენებას შეჩვეულმა ტურისტებმა, აფხაზეთში გაღიზიანება გამოიწვიეს. სოხუმის ქალაქის ხელმძღვანელობა დამსვენებელთა ჩაცმულობით შეშფოთდა და ცხელი ტურისტული სეზონის დროს, გადაწყვიტეს, უცხოელ მოქალაქეებს საცურაო კოსტიუმებით საპლაჟო ზონების მიღმა სიარული აუკრძალონ.

ტურისტული სეზონის შეჯამებამდე ჯერ ადრეა, რადგან ზღვის სეზონი აფხაზეთში სექტემბერშიც გრძელდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დამსვენებელთა განწყობა უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ მათი რაოდენობა არ გაიზრდება. რამდენიმე იქაურს გავესაუბრეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ დამსვენებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები წლის ბოლოს ქვეყნდება. არსებობს ე.წ. შსს-ს მონაცემები, მაგრამ ეს სტატისტიკა მხოლოდ იმას ასახავს, თუ რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა ფსოუზე სასაზღვრო პუნქტი. საიდუმლო არ არის, რომ რუსების უმრავლესობა აფხაზეთში ერთდღიანი ექსკურსიით ჩამოდის - ძირითადად, რიწის ტბასა და ახალ ათონში. აფხაზეთში ერთი დღით შემომსვლელთა რაოდენობამ სეზონზე 1 მილიონ ადამიანს მიაღწია, მაგრამ ეს მოცემულობა აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიის შესახებ სურათს ვერ შეცვლის.

დოდო, გაგრაში მცხოვრები ქართველი:

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არიან ერთჯერადი ტურისტები, რომლებიც თუნდაც დილიდან საღამომდე ჩერდებიან სასტუმროებში, მათ შორის - საოჯახოში, იკვებებიან რესტორნებში და დადიან მაღაზიებში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ამით ჩვენი სოციალური ფონი ვერ შეიცვლება. ისეთი დამსვენებლებიც მყავს, რომლებთანაც ურთიერთობა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მაქვს, ისინი სულ უფრო მეტად იკავებენ თავს აქ ჩამოსვლისგან; ყველაფერზე მეტად, მათ უსაფრთხოების არ არსებობა აშინებთ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მათი ნომრები გაძარცვეს ან პლაჟიდან შინ მიმავალი, დღისით-მზისით, პირდაპირ ქუჩაში დააყაჩაღეს. "უკეთეს შემთხვევაში", - ნოუტბუკი და ჩანთა მოჰპარეს. დამსვენებლები ამბობენ, რომ მხოლოდ ზღვაზე წოლა და გარუჯვა არ არის დასვენება, კლუბები, ბარები, რესტორნები და ზოგადად, ხმაურიანი დასვენება უნდათ. გარდა ამისა, ხარისხიან მომსახურებას ითხოვენ, რაც ჩვენთან ჯერჯერობით არ არის... კომფორტი ძვირი ღირს. თანთადან ფეხს იკიდებს თურქული და გერმანული ტექნიკის მაღაზიები, მაგრამ მაინც თითო-ოროლაა და მათი შეძენა და მით უფრო - დამონტაჟება, ძვირი გვიჯდება. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით აქ ის კომფორტი არ არის, რასაც ისინი ითხოვენ, რის გამოც, ერთ კვირაში ტოვებენ აქაურობას. თუმცა, ადგილობრივ ტელევიზიებში მუდმივად ტრიალებს რეკლამა, თუ როგორი მიმზიდველი და ლამაზი გახდა აფხაზეთი, მეგობარი რუსეთის ხელშეწყობით, რაც მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს, რადგან რუსეთი სულ უფრო აჩენს კლანჭებს. ხელისუფლება კი, დღითი დღე კარგავს ხალხის ნდობას... მთელი ყურადღება ზაფხულის სეზონზე იყო გადატანილი, ხალხის მღელვარება დროებით მაინც უნდა შეეჩერებინათ, მაგრამ დაძაბულობა იმდენად დიდია, რომ შემოდგომისთვის აუცილებლად იჩენს თავს... დიახ, აფხაზეთს აქვს, ბუნებრივი სილამაზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რაც ფაქტობრივად, ერთადერთ პლუსად რჩება აფხაზეთისთვის, მაგრამ ზაფხულის გართობის მოყვარულ ახალგაზრდებს ამით ვერ დააინტერესებ. საბჭოთა კავშირის თაობას კი აფხაზეთის ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი აქვს.

ვლადიმერი, სოხუმში მცხოვრები აფხაზი:

- რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი გერმანიაში. იქიდან ჩამოსულს თავი ჯურღმულში მეგონა. მივხვდი, რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და ამ ხალხს შორის. აქ პატრიოტიზმს სულ სხვაგვარად აღიქვამენ. არანაირი სამოქალაქო შეგნება არა აქვთ. აფხაზეთში ჯერ კიდევ არ არის აკრძალული მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში. 2012 წლიდან კი, საგზაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ რუსეთისნომრებიანი მანქანების გაჩერება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ავტოსაგზაო შემთხვევის საფრთხეს ქმნიან.

- რას ამბობს მოსახლეობა, რატომ ვერ შეძლო ხელმძღვანელობამ ნორმალური გარემოს შექმნა დამსვენებლებისთვის?

- მათი თქმით, კონკურენცია დიდია, მთავარი კონკურენტი კი, - დიდი სოჭის რეგიონია, რომელსაც უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს, განსაკუთრებით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. გზებით, სასტუმროებით, გასართობი დაწესებულებებითა და ატრაქციონებით სოჭს აფხაზეთი ვერ შეედრება.  გარდა ამისა, ჩვენთან დამსვენებელი შედარებით ცოტაა, სიძვირეა, რადგან საჭირო პროდუქტების ძირითადი ნაწილი სოჭიდან შემოდის. მეორე ნაწილი კი - ზუგდიდიდან. მე ვიყავი იქ ერთხელ. უამრავი ქართველი ნაცნობი მყავს, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობები მაქვს. ისინი მიყვებოდნენ, თუ როგორ ცდილობდნენ აფხაზეთში ბიზნესის წამოწყებას, მაგრამ არ გამოუვიდათ... ძალიან ბევრს ლაპარაკობენ რკინიგზის გახსნაზე, რაც მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ჩვენ ამით ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ, რადგან ისედაც რუსი სამხედროების ალყაში მყოფ აფხაზეთს, კიდევ 42 ათასამდე რუსის შემოყვანას "სთავაზობენ". აფხაზეთი ამ რკინიგზას ადამიანური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით დამოუკიდებლად ვერ აამუშავებს. ეს ყველაზე კარგად იცის რუსეთმა, რომელიც შს და თავდაცვის საერთო საინფორმაციო ცენტრის შექმნას გვაიძულებს. ამიტომაც გვითხრა რუსმა ჩინოვნიკმა, სურკოვმა, ჩვენც გვყავს სპეციალისტებიო... ახლა აფხაზეთს ინვესტიციები და ეკონომიკური კავშირები ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ ფულის დაბანდებას აქ ყველა ერიდება, რადგან არაფრის გარანტია არ არსებობს.

იხილეთ სრულად