აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ტურისტული მილიცია პირველად შეიქმნა. ამის შესახებ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ტურისტული მილიციის სამწყობრო დათვალიერება დე ფაქტო მინისტრმა გამართა.
დანაყოფი საპილოტე პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ტურისტულ ზონებში წესრიგის უზრუნველყოფასა და ტურისტებისთვის საინფორმაციო დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.
სატესტო ეტაპზე მუშაობაში 25 ადამიანი, მათ შორის, კურსანტები, მილიციის სკოლის კურსდამთავრებულები და მოქმედი თანამშრომლები მონაწილეობენ. მათ სპეციალური ფორმები, თეთრი მაისურები აცვიათ წარწერით, „ტურისტული მილიცია“ და ე.წ. ბეისბოლის ქუდები ახურავთ.
საპილოტე პროექტის სატესტო ფაზის დადებითი შედეგის შემთხვევაში დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივი დანაყოფის შექმნას განიხილავს.
დე ფაქტო უწყება ყოველწლიურად, 1-ლი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე კურორტული სეზონის გამო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
2023 წლის 1-ლი აგვისტოდან აფხაზეთში 20-ჯერ გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა, რომელიც პლაჟებს მიღმა საცურაო კოსტიუმით ან შიშველი ტანით გამოჩენას კრძალავს. კერძოდ, ამ შეზღუდვის დამრღვევები 300 რუბლის (10 ლარის) ნაცვლად 6000 რუბლს (209 ლარს) იხდიან.
იმავე წლის 8 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, პლაჟებისა და საცურაოდ გამოყოფილი ადგილების გარდა, ყველა ქუჩაზე, სტადიონზე, სკვერსა თუ პარკში, ასევე, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტიუმში გამოჩენისთვის ტურისტებს მინიმალური ხელფასის 100 ოდენობის, ანუ 6000 რუბლის (209 ლარის) ჯარიმა ეკისრებათ. მანამდე ეს ჯარიმა ხუთ მინიმალურ ხელფასს, ანუ 300 რუბლს (10 ლარს) უტოლდებოდა.
აფხაზეთის ქალაქებში ტურისტების დასჯის გამაფრთხილებელი სხვადასხვა საინფორმაციო სტენდი არის გამოფენილი. აქამდე ქალაქების სანაპიროებზე ამ წესს ე.წ. ქვეითი პატრული აკონტროლებდა. ისინი დამრღვევ პირებს ავლენენ და დე ფაქტო შსს-ის ოპერატიულ ჯგუფს იძახებენ, რომელსაც კანონდამრღვევები მილიციის განყოფილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესავსებად გადაჰყავს.
რაც შეეხება სხვა ადგილებს, აქამდე „მილიციის ნებისმიერი თანამშრომელი ან ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მსგავს დარღვევას შეესწრება, 02-ზე რეკავს და შეტყობინებას ტოვებს.“
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენა ტურისტების გარდა, ადგილობრივ მოსახლეობასაც ეკრძალება.
ცნობისთვის: გასულ კვირას დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასული ტურისტების უმეტესობა მცირე თანხას ხარჯავს. თემა აფხაზურ და რუსული მედიასაშუალებებში გახმაურდა, რის გამოც ტურიზმის დე ფაქტო მინისტრ ასტამურ ლოგუას თავის მართლება მოუწია. მისი თქმით, უწყების თანამშრომლის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ე.წ. სამინისტროს პოზიციას არ წარმოადგენს. ლოგუა ამბობს, რომ აფხაზეთის ტურიზმის ინდუსტრიაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში ბევრი პრობლემაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს, ხელისუფლება შერჩევით უდგება ტურისტს, ვისი ნახვაც აფხაზეთში სურს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ