ირაკლი ღარიბაშვილი: მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებს შეღავათები ექნებათ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთის კანონის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათები ექნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში სტუმრობისას განაცხადა, მთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პენსია გაეზრდება და ბიზნესის წარმოება იქნება თავისუფალი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ამოცანაა მთაში შეინარჩუნოს ხალხი.

"მთის კანონი არ იყო ქვეყანაში მიღებული და მთა იყო აბსოლუტურად მიგდებული. ჩვენი მთავრობის დაპირება იყო მთის კანონის მიღება. იქ არის გაწერილი მთელი რიგი სოციალური შეღავათების მიღება, ეს არის პენსიების მატება მთაში და ასევე, მასწავლებლებისთვის შეღავათები, ბიზნესის წარმოება იქნება აბსოლუტურად გათავისუფლებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა მთაში შევინარჩუნოთ, დავამაგროთ ადგილზე ხალხი. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე და კაპიტალი და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი შუამთობის დღესასწაულზე მოსახლეობას მთის კანონის შესახებ ვრცლად ესაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მომავალი წლიდან მაღალმთიანი აჭარის და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გასაძლიერებლად სხვადასხვა პროგრამა ამოქმედდება.