ირაკლი ღარიბაშვილი: ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება

ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიან აჭარაში გზის პრობლემის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გზის პროექტი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შემდეგ ეს გზა რამდენიმე რაიონს მოემსახურება. "2016 წელს ვიწყებთ გზის პროექტს. ხულო-ადიგენის გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პროექტი არის დასრულებული და გაისად ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე რაიონს მოემსახურება ეს გზა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში მოსახლეობა გზის პრობლემას უჩივის. შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრისადმი გზის რეაბილიტაციის თხოვნა ჰქონდა.