აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა ისევ გადადო

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ისევ გაახანგრძლივა - ამის შესახებ ინფორმაციას Trend ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა. ახალი გადაწყვეტილებით სახმელეთო საზღვარი 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება.

ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნა, რომელიც 2020 წლის გაზაფხულიდან, კოვიდპანდემიის გამო არის ჩაკეტილი, კვლავ გადაიდო. იმის მიუხედავად, რომ 2023 წლის 5 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა, ბაქო აცხადებს, რომ საკარანტინო რეჟიმს „მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე საჭირო იქნება.“ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეფასებით, საზღვრების დახურვამ ქვეყანა „მეტად დიდი კატასტროფისგან“ იხსნა.

აზერბაიჯანში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზითაც შეუძლიათ.

ცნობისთვის: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მაისის ბოლოს უნდა აღდგენილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სახმელეთო საზღვრის გახსნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განუცხადებიათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ