გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში მეოთხე თვეა ვიზიტორების რაოდენობა იზრდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, უკვე მეოთხე თვეა, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.

ამის შესახებ ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან ივლისში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წლის ივლისში საქართველოს 737 696 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია. მისივე თქმით, მათ შორის, იმ უცხოელი მოგზაურების ან ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წილის ივლისთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი.

"2014 წლის მეორე ნახევარში და მიმდინარე წლის დასაწყისში რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა ზეგავლენა იქონია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ტურისტების რაოდენობაზე. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა ძალიან აქტიური საერთაშორისო აქტივობები, იმისთვის, რომ ეს ნეგატიური სტატისტიკა შეგვეცვალა. ჩვენ განვახორციელეთ მარკენტინგული კამპანია 9 ქვეყანაში, ასევე მარკეტინგული კამპანიები "სიენენსა" და "ევრონიუსზე". 300-ზე მეტი ჟურნალისტი მოვიწვიეთ, რათა გაეშუქებინათ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპრილიდან მოყოლებული უკვე მეოთხე თვეა ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, აპრილში ზრდა 0,4%-ს შეადგენდა, მაისში – 14,7%, ივნისში – 9,3%, ხოლო ივლისში - 9,5%. რაც შეეხება შვიდი თვის მონაცემებს, ჩოგოვაძის თქმით, საერთაშორისო მოგზაურების ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შვიდი თვის მონაცემებით 4,9%-ით გაიზარდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ბარათების გადახდის მხრივაც, რაც პოზიტიურად აისახება საერთაშორისო შემოსავლების კუთხით, უცხოური საგადახდო ბარათებით გადახდების მოცულობა აპრილში 47%-ით, მაისში 43%-ით, ივნისში 24%-ით გაიზარდა. 2015 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. 7 თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები, სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ყაზახეთი, არაბთა გაერთიანბეული საემიროები და საუდის არაბეთი.