ვაზიანში სამკერვალო საწარმო "იმედი" გაიხსნა

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით, ვაზიანის სამკერვალო ატელიეს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სამკერვალო ატელიე "იმედი" გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გარსევან ნიორაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუმ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს თავმჯდომარე სერდარ ჩამმა, თურქეთის პარლამენტის (მეჯლისი) დეპუტატმა ლუთფიე სელვა ჩამმა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა ქორქმაზმა გახსნეს. გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ. აფხაზეთის მთავრობა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს სამომავლო ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, თურქეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი პარტნიორი, არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ცდილობს აფხაზეთიდან დევნილთათვის დასაქმების ახლ-ახალი პროექტები შექმნას. "ჩვენი მეგობრები უცხოეთში მტკივნეულად აღიქვამენ დევნილი საზოგადოების ტოტალურ დაუსაქმებლობას, რასაც ადამიანები სრულ გაღატაკებამდე მიჰყავს. თურქეთის განვითარების საკოორდინაციო ცენტრმა საქართველოში, მიიღო ჩვენი წინადადება, რომ ვაზიანში, სადაც 5000 დევნილი ცხოვრობს, გაგვეხსნა საწარმო, სადაც დევნილები დასაქმდებოდნენ. შეიძლება ეს არ იყოს მასშტაბური დასაქმების პროგრამა, მაგრამ მაინც სერიოზულ გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს აქ ჩასახლებული დევნილებისთვის. საწარმოს "იმედი" დაერქვა, რაც სიმბოლურად გამოხატავს მომავლის პერსპექტივასაც. დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია თურქეთის მთავრობის სერიოზული მხარდაჭერა ვიქონიოთ. შევთანხმდით რამდენიმე სამომავლო პროექტის თაობაზეც", – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა პროექტის ფარგლებში ქართულ მხარეს სამკერვალოს ფუნქციონირებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები, აუცილებელი დანადგარები, ქსოვილები და ინვენტარი გადასცა. საწარმო, რომელსაც "იმედი" ეწოდა, თეთრეულის, ქურთუკებისა და ფეხსაცმლის წარმოებას დაიწყებს. "იმედში" იძულებით გადაადგილებული 10 პირი დასაქმდა.