„შესაძლებელია, დეველოპერებს თვითღირებულება გაუძვირდეთ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „რე/მაქს რეალთი პარკის" მმართველმა პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ განაცხადა.
კერძოდ, გადაცემაში სურგულაძემ ისაუბრა ირან-ისრაელის ომის გავლენებზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა დღესაც, იმ რისკების წინაშეა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში იყო.
ამასთან, სურგულაძემ არ გამორიცხა სამშენებლო მასალების და შესაბამისად, მშენებლობების გაძვირებაც, რადგან არმატურის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი ქვეყანა სწორედ ირანია.
„შესაძლებელია, დეველოპერებს თვითღირებულება გაუძვირდეთ. ჩვენ ეს გამოცდილება უკვე მივიღეთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ამიტომ ზუსტად იგივე რისკების წინაშე ვდგავართ ახლაც.
იაფიანი არმატურის ყველაზე დიდი მომწოდებელი სწორედ ირანია. აღსანიშნავია, რომ ირანი ჩვენს ბაზარზე იმპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთის სერიოზული კონკურენტი იყო, ახალ კი ამ ომის პარალელურად გვაქვს მოცემულობა რომ თურქეთმა გარკვეულ მასალებზე ფასები უმნიშვნელოდ, მაგრამ უკვე გააძვირა,“ - განაცხადა მან.