„არაფერს შეცვლის - ქვრივიშვილს თავის დროზე სათანადოდ რომ ემუშავა, ტურიზმის ინდუსტრია ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა“ - ცოტნე ჯაფარიძე

„მეეჭვება რაიმე შეიცვალოს...“, - ასე პასუხობს კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილის დანიშვნით, ელოდება თუ არა სექტორი სიახლეებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დარგის წარმომადგენლების განცხადებების საფუძველზე, უკვე წერდა, რომ ევროპელი ტურისტების, შემოსავლებისა და მაღალმხარჯველი დამსვენებლების შემცირება იმ პრობლემებს შორისაა, რაც ტურიზმის სექტორისთვის დღეს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

„მეეჭვება რაიმე შეიცვალოს... მარიამ ქვრივიშვილი ყოველთვის რაღაც დიდ თანამდებობაზე იმყოფებოდა და ყოველთვის ითვლებოდა ტურიზმის „მეპატრონედ“. მისი გადაადგილება ამ პოსტზე არაფერს არ შეცვლის. მაგრამ თავის დროზე სადაც იყო და რასაც აკეთებდა, იქ რომ ემუშავა სათანადოდ, ქვეყნის და არა რეჟიმის ინტერესების გათვალისწინებით, დღეს ქვეყანა და ტურიზმის ინდუსტრია ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

ახალი რეისები დანიშნეს და ამით თავი მოაქვთ - „ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და შვეიცარიასთან ახალი რეისი გვაქვსო“ - ეს ყველაფერი სალაპარაკოდ კარგია, მაგრამ ამის უკან რა დგას? ამ თვითმფრინავების ნახევარი დაფრინავს ცარიელი.. მაგალითად, ვიცი რომ, „ბრითიშს“ ვუხდით სუბსიდიას იმიტომ, რომ ფრენები შევინარჩუნოთ.

როცა ახალ მიმართულებაზე ნიშნავ ფრენას, რა თქმა უნდა საჭიროა სარეკლამო კამპანიებისა და აქტივობების განხორციელება, რათა სტუმარი მოიზიდო. ამის საპირისპიროდ, არც აქტივობა არ ხდება ამ სამიზნე ქვეყნებში, ტურისტების რაოდენობაც მინიმუმია და ამ ქვეყნებში არანაირი პიარ-კამპანია არ ყოფილა,“ - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, დღეს, 24 ივნისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გადადგა. ახალი მინისტრის პოსტს მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს. მინისტრობამდე ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო - იქამდე კი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება დავითაშვილს ის ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს.

მერი ტაბატაძე