„მათი მიღება ფსიქიკაზე და მენტალიტეტზე საშინელ ზეგავლენას ახდენს და პირდაპირ ვიტყვი, რომ თითოეული მათგანის მიღება პიროვნული დეგრადაციის უსწრაფესი გზაა“, - ამის შესახებ ნარკოლოგმა, დავით ვადაჭკორიამ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
„საქართველოში 40 000-მდე მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი გვყავს და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მოვლა-მკურნალობა სჭირდება. ამისთვის სპეციალური პროცედურებია საჭირო და ეტაპ-ეტაპ გაწერილი გეგმა, რომლითაც მათ დახმარებას შევძლებთ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ასე ხდება და ამ ადამიანებზე სათანადოდ ვზრუნავთ.
მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდება. კოკაინის, ჰეროინისა და ასეთი ტიპის ძვირადღირებულ ნარკოტიკებს თავისი მომხმარებელი სეგმენტი ჰყავთ, თუმცა კიდევ უფრო სავალალოა იაფფასიანი ნარკოტიკების მოხმარების შედეგები. მათი მიღება ფსიქიკაზე და მენტალიტეტზე საშინელ ზეგავლენას ახდენს და პირდაპირ ვიტყვი, რომ თითოეული მათგანის მიღება პიროვნული დეგრადაციის უსწრაფესი გზაა - გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე ჰეროინის, კოკაინისა და ა.შ.
თუკი ინგრედიენტი გვაქვს, ამ სინთეზური ნარკოტიკის ათასობით დოზის დამზადება ერთ ოთახშიც შეგვიძლია. წლების წინ ვარაუდი გამოვთქვი, რომ ამ ტიპის ნარკოტიკები იმდენად მომატებული იყო, იატაკქვეშა ლაბორატორიების გარეშე ასეთი მასშტაბები ვერ იქნებოდა და ეს მართლაც ასე აღმოჩნდა. შსს-მაც კი აღიარა, რომ ასეთ ლაბორატორიებს მიაკვლიეს.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს სინთეზური ნარკოტიკები უმძიმესი პრობლემაა, თავისი დამანგრეველი ეფექტითა და ადამიანის ფსიქიკაზე, დეგრადაციის მხრივ, უსერიოზულესი გავლენით“, - აღნიშნა ვადაჭკორიამ.