ბიზნეს კატალოგში რეგისტრირებულ კომპანიათა უმრავლესობა მშენებლობისა და უძრავი ქონების ბიზნესში საქმიანობს

„ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო“ (ბია) ”ბიზნეს კატალოგის” სტატისტიკური ანალიზის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს.

სააგენტოს მონაცემების თანახმად, კატალოგში რეგისტრირებულ კომპანიათა უმრავლესობა მშენებლობისა და უძრავი ქონების ბიზნესში საქმიანობს. შემდეგ ადგილებს სიმრავლის მიხედვით პროდუქტებით ვაჭრობისა და მედიცინისა და სილამაზის სფეროში მოქმედი ბიზნესები იკავებენ.

ამასთან, ბია-ს ინფორმაციით, კომპანიათა უმრავლესობა (77%) თბილისშია წარმოდგენილი, დანარჩენი 23% კი - რეგიონებში. თბილისში არსებული კომპანიების 58% მცირე ზომისაა (წლიური ბრუნვის მაჩვენებელი < 500 000 ლარი), 34% – საშუალო ზომის (500 000 - 5 მლნ ლარი), მსხვილ კომპანიებს (>5 მლნ ლარი) კი მხოლოდ 8% უკავიათ.

თბილისში მოქმედ კომპანიებში ყველაზე ხშირად 50–მდე ადამიანია დასაქმებულია (88%), 100-ზე მეტი თანამშრომელი კი კომპანიათა მხოლოდ 6%–ს ჰყავს. 

”მნიშვნელოვანი სხვაობაა ექსპორტიორ და იმპორტიორ კომპანიებს შორის: მხოლოდ 415 კომპანიას გააქვს ქვეყნის საზღვრებს გარეთ პროდუქცია, მაშინ, როცა 2442 იმპორტს ახორციელებს. ამასთან, ძირითადი საიმპორტო ქვეყნები აზიაშია, ექსპორტის უმრავლესობა კი ევროპიდან ხორციელდება”, - განმარტავენ ბია-ში. 

„ბიზნეს კატალოგის“ მონაცემების თანახმად, მხოლოდ კომპანიათა 20% სარგებლობს დაზღვევით. მათ შორის ყველაზე პოპულარული პროდუქტი კი ჯანმრთელობის დაზღვევაა. აღსანიშნავია, რომ „ბიზნეს კატალოგში“ დაფიქსირებული კომპანიების საკმაოდ დიდ ნაწილს არ გააჩნია ვებ–გვერდი და კორპორატიული ელ. ფოსტა. 

“ბიზნეს კატალოგი” (www.bcat.ge) ქართულ ბაზარს 013 წლის აპრილში შეემატა. „ბიზნეს კატალოგში“ არსებული კომპანიების რაოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 500-ით იზრდება.

სს ბია (Business Information Agency) „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიუროს“ ბაზაზე დაარსებული კომპანიაა, რომელიც დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ამომწურავ ბიზნეს ინფორმაციას აწვდის საქართველოში დარეგისტრირებული 12 000–მდე კომპანიის შესახებ. ბია–ს მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება 40–ზე მეტი საინფორმაციო ველის დახმარებით შეუძლია. 

ბია გეგმავს პერიოდულად კვლავ გამოაქვეყნოს მსგავსი ტიპის ანგარიშები ”ბიზნეს კატალოგზე” დაყრდნობით. მისი მიღება კომპანიის ყველა ავტორიზებულ მომხმარებელს შეეძლება, რისთვისაც რეგისტრაცია უნდა გაიარონ მისამართზე: www.bcat.ge.