რა ქონებას ფლობს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი

1-ელ აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

სანამ შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელს მოირგებდა, მღებრიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე კი ის ქვემო ქართლის რწმუნებულის პოსტს იკავებდა, უფრო ადრე კი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი იყო. მღებრიშვილი საჯარო სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობს.

როგორც მინისტრის დეკლარაციიდან ირკვევა, მას აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, მათ შორის 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 90 კვ.მ საცხოვრებელი სახლი წავკისში, 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წაღვერში, 2000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე და საცხოვრებელი სახლი წაღვერში. საცხოვრებელი ბინა თბილისში ფოთის ქუჩაზე. მისივე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე ნინო გედევანიშვილი 120 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ ბინას ფლობს ყაზბეგის გამზირზე. მღებრიშვილისა და მის მეუღლის სახელზე არც ერთი ქართული კომპანია არ არის რეგისტრირებული. გიორგი მღებრიშვილის მამა, ანზორ მღებრიშვილი, ფლობს შპს T&G-ის 50%-ს, რაც მღებრიშვილის 2013 წლის დეკლარაციაში მითითებული არ იყო. ამ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი მღებრიშვილს და ნინო გედევანიშვილს ჰყავთ ორი შვილი, ელენე და ბუჩა. ნინომ და გიორგი მღებრიშვილმა ერთმანეთი 2010 წლის აპრილში გაიცნეს. მინისტრი მეუღლეზე 15 წლით უფროსია. მინისტრს ჰყავს ავტომობილი "მერსედესი" 350. როგორც მის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციით ირკვევა, ანგარიშზე აქვს 20 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს 7600 ლარი. მინისტრს კორსტანდარტ ბანკიდან აღებული აქვს იპოთეკური სესხი 120 000 ლარის ოდენობით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE