„იმპორტზე დამოკიდებულების გამო, სარემონტო მასალების ფასები გაიზარდა“ - სად ყიდულობს საქართველო სამშენებლო პროდუქციას

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავლებმა 2024 წელს 5.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 9.6%-იანი ზრდაა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 5.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვიდან.

ამავე მიმოხილვის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოსავალი გასულ წელს სარემონტო მასალების ქვესექტორს ჰქონდა და 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს კი მაშინ, როცა მხოლოდ სამშენებლო მასალების ქვესექტორის შემოსავლები 2.1 მილიარდი დოლარი იყო.

ამავე დროს, 2024 წელს 0.6 მილიარდ დოლარს მიაღწია საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოსავლებმა, ხოლო ავეჯის ქვესექტორის შემთხვევაში შემოსავლები 0.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამავე კვლევის მიხედვით, 2024 წელს სამშენებლო მასალების სექტორში ძირითადი შემოსავლები ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე მოდიოდა და მისი წილი 66.7%-ს შეადგენდა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ აღნიშნული პროდუქციის ტრანსპორტირება და ხარჯები მაღალია, რაც იმპორტს არამომგებიანს ხდის.

ამის პარალელურად, სარემონტო მასალების შემთხვევაში უდიდესი წილი - 82.3% იმპორტულ საქონელზე მოდიოდა. მაღალია იმპორტის წილი ავეჯის შემთხვევაშიც - 76.7%.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოსავლები, ფაქტობრივად, იმპორტზეა დამოკიდებული - 96.3%. ტექნიკის მიმართულებით ერთადერთი ადგილობრივად წარმოებული პროდუქტი წყლის გამაცხელებლებია, რომლებიც უმეტესწილად ექსპორტზე გადის.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების უდიდესი ნაწილის - 33.4%-ის იმპორტი თურქეთიდან ხორციელდებოდა, 19.2%-ის - ჩინეთიდან, 10.2% - რუსეთიდან. გარდა ამისა სხვა ქვეყნების წილი ასეთი იყო:

  • ირანი - 6.7%;
  • აზერბაიჯანი - 4.5%;
  • იტალია - 3.7%;
  • გერმანია - 2.7%;
  • პოლონეთი - 1.7%;
  • სხვა ქვეყნები - 18%.

„იმპორტზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, სარემონტო მასალების ფასები გაიზარდა, თუმცა გლობალური ფაქტორების მიხედვით მერყევი იყო. ამისგან საპირისპიროდ, სამშენებლო მასალების ფასები საანგარიშო პერიოდში უფრო სტაბილურად და თანმიმდევრულად იზრდებოდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მასალებზე მოთხოვნა მზარდია, რაც მშენებლობის ზრდამ გამოიწვია.

„რეკორდულ სამშენებლო ნებართვებზე და უძრავი ქონების მყარ გაყიდვებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნის ზრდის გაგრძელება“, - ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშში.

მერი ტაბატაძე