Goldman Sachs: ნავთობზე ფასი 2020 წლამდე 50 დოლარის ფარგლებში იქნება

ირანში ნავთობის მოპოვების მოცულობის სწრაფი ზრდისა და ჩინეთის ეკონომიკის შესუსტების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობი დღეს დილით 0,4 დოლარით გაიაფდა და მისმა ფასმა ბარელზე 51,81 დოლარი შეადგინა.

0,36 დოლარით დაეცა ფასი WTI-ის ნავთობზე, რომელმაც ბარელზე 46,76 დოლარი შეადგინა.

ირანის ნავთობის მინისტრის, ბიჯან ნამდარ ზანტანეს განცხადებით, ირანს შეუძლია ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 500 ათას ბარელამდე გაზარდოს, ხოლო სანქციების მოხსნიდან ერთ თვეში კი 1 მილიონ ბარელამდე.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის მაიკლ დელა ვინგას ვარაუდით, ნავთობზე ფასები მიმდინარე მაჩვენებლით შესაძლოა 2020 წლამდე შენარჩუნდეს.

"ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 50 დოლარის ფარგლებში იქნება, რადგან ნავთობის წარმოება მატულობს, ხარჯები კი შემცირდა", - აღნიშნა მაიკლ დელა ვინგამ.