გალის (ვარდნილჰესების) წყალსაცავში წყლის აორთქლების ინტენსივობა იზრდება - აფხაზი მკვლევარების საგანგაშო პროგნოზი

გალის წყალსაცავი, რომელიც აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მნიშვნელოვან წილს გამოიმუშავებს, გლობალური დათბობის შედეგად უფრო სწრაფად იცლება, რაც 2060 წლიდან მის გამომუშავებას სერიოზულად შეაფერხებს.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა, რენატ ლომიამ TASS-ს განუცხადა.

მისი ცნობით, აღნიშნული პროგნოზი მათემატიკური მოდელირების, ასევე, რამდენიმე საველე გასვლის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა, რისი მიზანიც წყალსაცავის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ნაკლული სამეცნიერო ბაზის შევსება იყო.

„ყველაზე მძიმე სცენარის მიხედვით, გალის წყალსაცავის ზედაპირიდან წყლის აორთქლება, სავარაუდოდ, XXI საუკუნის ბოლოსთვის 20-40%-ით გაიზრდება, მაშინ, როცა ეს წყალსაცავი კავკასიაში უდიდესი ენგურჰესის სისტემის ნაწილია. ამჟამად ამ ობიექტზე აფხაზეთის ენერგომომარაგება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და მისი ფუნქციონირებისთვის წყლის დონე მნიშვნელოვანია. რაც ნაკლებია წყალი, მით ნაკლებია ელექტროენერგია. ამ მხრივ ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ და ნალექის შემცირებამ შესაძლოა, 2060 წლიდან რთული სიტუაცია შექმნას,“ - ცხადებს ლომია.

მისი თმქით, პროგნოზის შესადგენად წინასწარ შეგროვდა მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა წყალსაცავის მდგომარეობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კერძოდ, შესწავლილ იქნა წყლის აორთქლება ზედაპირიდან, მისი შემავსებელი ნალექის მოცულობა და წყლის შედინების სიმძლავრე, ასევე, სითხის შედინებისა და გადინების სხვა მახასიათებლები. შემდეგ ეს მონაცემები სპეციალურ მათემატიკურ მოდელებში შეიტანეს, რომლებიც ყველა ამ პარამეტრის ცვლილების ალბათობას გლობალური დათბობის პროგნოზების გათვალისწინებით გამოითვლიან. ეს გამოთვლები ხდება როგორც პესიმისტური სცენარით, რომლის დროსაც ტემპერატურა რაც შეიძლება, სწრაფად იზრდება, ასევე, ოპტიმისტური პროგნოზით, რომელიც მკვეთრ ნახტომს არ გულისხმობს.

აფხაზი მკვლევარი დასძენს, რომ გალის წყალსაცავი მთის წყალსაცავია და მისი შევსება მრავალ, მათ შორის, მეტეოროლოგიურ ფაქტორზე არის დამოკიდებულია, რომ მითითებულ დაიპაზონში წყლის აორთქლების ინტენსივობის ზრდა თავიდან იქნეს აცილებული.

ცნობისთვის: გალის წყალსაცავი მდინარე ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან მდებარეობს. აუზის ფართობი 166 ათ. კმ²-ია, წყლის საერთო მოცულობა 145 მლნ მ³, ხოლო სასარგებლო მოცულობა 110 მლნ. მ³-ია. საცავის საშუალო სიღრმე 17,7 მ, ხოლო უდიდესი სიღრმე 42,3 მ.-ია. ძირითადად მდინარე ერისწყლისა და მდინარე ენგურის ჩადინებით საზრდოობს. ეს უკანასკნელი წყალსაცავში ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით ჩაედინება. გალის წყალსაცავი ჯვრის წყალსაცავთან ერთად ქმნის კასკადს, რომლის ძირითადი დანიშნულებაც ენერგეტიკული მიზნებისთვის მდინარე ენგურის ჩამონადენის მრავალწლიური და მდინარე ერისწყლის ჩამონადენის დღე-ღამური რეგულირებაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ