2025 წლის 1-ლი ნოემბრიდან საჯარო სამსახურში (გამონაკლისის გარდა) ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება - ამას ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
კერძოდ, კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ექნებათ უფლება დაიკავონ სხვა ანაზღაურებადი სამუშაო სხვა საჯარო სამსახურებში. თუმცა, გამონაკლისი იქნება სამეცნიერო, სასპორტო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობები.
„მთავრობას ექნება შესაძლებლობა რომ შექმნას ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია და იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
„თუკი ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, პირი არის დასაქმებული ორ ანაზღაურებად სამსახურში კანონის საწინააღმდეგო, ვალდებული იქნება გათავისუფლდეს ორივე სამსახურიდან, 2 წლის განმავლობაში აეკრძალება სხვა საჯარო სამსახურში დასაქმება და ვალდებული იქნება ანაზღაურება, რომელსაც კანონის დარღვევის პერიოდში იღებდა, დააბრუნოს ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - თქვა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული აკრძალვა დაგეგმილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პარალელურად, რომლის მიხედვითაც, 1-ლი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი და იოსებ ჯორბენაძე.