ტრანსსასაზღვრო გადახდების შენელება გლობალურ მშპ-ს 2030 წლისთვის 6%-ით შეამცირებს - Swift

თუ ტრანსსასაზღვრო გადახდების, ინვესტიციებისა და საკრედიტო ნაკადის ამჟამინდელი შენელება გაგრძელდება და გაძლიერდება, გლობალური მშპ 2030 წლისთვის შესაძლოა, 6%-ით, ანუ 6.5 ტრლნ დოლარით შეამციროს.

ამის შესახებ თურქეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში Swift-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჯან-ილმაზსოიმ განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

მისი თქმით, Swift თავის სტრატეგიაში ორ ასპექტზე, საერთაშორისო გადარიცხვების სისწრაფესა და გამჭვირვალობაზე არის ორიენტირებული.

კერძოდ, ამჟამად Swift-ის სისტემაში ტრანსსასაზღვრო გადახდების 90% მიმღებ ბანკამდე ერთ საათში აღწევს. თუმცა, ჯან-ილმაზსოის თქმით, G20-ის მიზანია, 2027 წლისთვის ასეთი გადარიცხვების 75% არა მხოლოდ ბანკამდე, არამედ უშუალოდ საბოლოო მიმღებამდე აღწევდეს. ჯერ ეს მაჩვენებელი მსოფლიოში, საშუალოდ, 45%-ს შეადგენს.

ილმაზსოი ამბობს, რომ Swift-ის მთავარი აქცენტი „ბოლო მილის,“ ანუ მიმღებისთვის თანხის მიწოდების საბოლოო ეტაპის პრობლემების მოგვარებაზე არის გამახვილებული. აქ მთავარ დაბრკოლებებად რჩება მარეგულირებელი შეზღუდვები, ბანკების ოპერაციული მახასიათებლები, სამუშაო საათები და ანგარიშსწორების ტრანზაქციების დასრულების დადგენილი დრო (cut-off time).

სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: პირველ რიგში, გამგზავნმა ოპტიმალური არხები და ინსტრუმენტები გადახდის მახასიათებლების მიხედვით უნდა აირჩიოს, როგორიც არის მისი მოცულობა, სისწრაფე და დანიშნულება. ეს შესაძლოა, მობილური ან ონლაინ-ბანკინგი, ასევე, Swift-ის სპეციალიზებული სერვისები იყოს.

მეორეც, მიმღების მხრიდან მთელმა ეკოსისტემამ, ანუ ბანკებმა, ფინტექებმა, საფულეებმა ანგარიშიდან ანგარიშზე, მათ შორის, ელექტრონულ საფულეებსა და სხვა ციფრულ არხებზე თანხის სწრაფი და შეუფერხებელი გადარიცხვა უნდა უზრუნველყონ.

Swift-ის წარმომადგენელი ხაზგასმით ამბობს, რომ ინტეროპერაბელურობა, ანუ გადახდის სხვადასხვა სისტემისა და პლატფორმის ერთმანეთთან ეფექტური ურთიერთქმედების უნარი თანამედროვე და მდგრადი ფინანსური ინფრასტრუქტურის ქვაკუთხედია.

„ჩვენ უკვე ვხედავთ საგანგაშო სიგნალებს, როგორიც არის გადახდებისა და ინვესტიციების, ასევე, კრედიტების ტრანსსასაზღვრო ნაკადის შემცირება. თუ ეს ტენდენცია 2030 წლისთვის გაორმაგდა, ამან შესაძლოა, გლობალური მშპ 6%-ით, ანუ 6.5 ტრლნ დოლარით შეამციროს და 280 მილიონამდე სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით, მაღალკვალიფიციურ სექტორებში რისკის ქვეშ დააყენოს,“ - აცხადებს ჰიქმეთ ჯან-ილმაზსოი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ