ლონდონის აეროპორტმა მოწყენილი მგზავრებისთვის სპეციალური მენიუ შეიმუშავა

ლონდონის გატვიკის აეროპორტი გადაღლილ და მოწყენილ მგზავრებს განწყობის ასამაღლებელი საკვებით გაუმასპინძლდება.

აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, ამიერიდან რეისის გადადებითა და დაგვიანებით შეწუხებულ მგზავრებს გატვიკის ტერიტორიაზე განთავსებული რვა რესტორანი სეროტონინის დონის ასამაღლებელ და განწყობის გასაუმჯობესებელ კერძებს შესთავაზებს. ყველა მსგავსი სახის კერძი მენიუში "სმაილით" იქნება აღნიშნული. მენიუ ორაგულის, ტუნას, ბანანის, შვრიის, ციტრუსების, ისპანახისა და სოიოს კერძებს, ასევე მწვანე ჩაის შეიცავს.

აეროპორტის ბიზნეს განვითარების მენეჯერის თქმით, მგზავრთა შთაბეჭდილებები და ბედნიერება გატვიკის მთავარი პრიორიტეტია. ცოტა ხნის წინ "ლონდონ სიტის აეროპორტში" მგზავრებს ჩემოდნების ნაცვლად, ლუდები დაურიგეს.