შუა დერეფნის მხოლოდ რკინიგზის კომპონენტს 75 მლრდ დოლარის წლიური ბრუნვის პოტენციალი აქვს - თურქი მინისტრი

შუა დერეფანს (ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს) 75 მლრდ დოლარის წლიური სავაჭრო ბრუნვის პოტენციალი აქვს.

ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

მისი თქმით, „თურქეთის სატრანსპორტო დერეფნები ჰორმუზის სრუტეში არასტაბილურობის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ალტერნატივა ხდება, რადგან შუა დერეფანი საზღვაო მარშრუტზე 2-ჯერ უფრო სწრაფი, ხოლო საჰაერო ტრანსპორტზე, დაახლოებით, 4-ჯერ უფრო ეკონომიურია.“

„შუა დერეფანი, რომლის ცენტრშიც თურქეთია, 21 ქვეყანას რკინიგზით პირდაპირ აკავშირებს ერთმანეთთან და გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვანი რგოლი ხდება. თუ საქონლის გადაზიდვას სუეცის არხით, საშუალოდ, 35 დღე, ხოლო “კეთილი იმედის კონცხის” გავლით 45 დღე სჭირდება, შუა დერეფნის გასწვრივ ეს დრო 15 დღეზე ნაკლები იქნება,“ - აცხადებს ურალოღლუ.

მისი ცნობით, ამჟამად თურქეთში სამუშაოები 651 კმ სიგრძის რკინიგზის ქსელის ძირითად მონაკვეთებზე მიმდინარეობს და ახალი პროექტები მუშავდება, რომელთა საერთო სიგრძე 1,394 კმ-ია.

„ამ ინვესტიციების შედეგად შუა დერეფნის გასწვრივ წლიური ტრანსპორტირების მოცულობა, სავარაუდოდ, 6.5 მლნ ტონას მიაღწევს. ამ მარშრუტის მხოლოდ რკინიგზის კომპონენტს 75 მლრდ დოლარის წლიური სავაჭრო ბრუნვის პოტენციალი აქვს,“ - ამბობს მინისტრი.

მისი მონაცემებით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK Parti) მმართველობის წლებში თურქეთმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურაში, დაახლოებით, 293.5 მლრდ დოლარი ჩადო.

ცნობისთვის: 2024 წელს შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 62%-ით გაიზარდა და 4.5 მლნ ტონას მიაღწია. წელს უფრო მეტად, 5.2 მლნ ტონამდე ზრდა არის პროგნოზირებული, საიდანაც 4.2 მლნ ტონა მარშრუტში მონაწილე ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე გაივლის. ამ მოცულობიდან 2.5 მლნ ტონა (96 ათასი TEU-ს ექვივალენტური) მშრალი ტვირთი, ხოლო 1.7 მლნ ტონა ნავთობია.

2027 წლისთვის მარშრუტის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 10 მლნ ტონას მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ