სომხეთის მმართველმა „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიამ მოამზადა კანონპროექტი პრორუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ სახელმწიფო კონტროლქვეშ გადაცემის შესახებ.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რასაც News.am და Sputnik.Armenia ავრცელებენ.
მისი თქმით, სომხეთის ეროვნულ კრებაში „სამოქალაქო თანხმობის“ ფრაქციამ მთავრობის წევრებთან მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე კომპანიის ნაციონალიზაციის კანონპროექტი განიხილა.
„ეს პროცესი ერთეტაპიანი არ იქნება, თუმცა აშკარაა, რომ სახელმწიფომ „სომხეთის ელექტროქსელების“ მართვა რაც შეიძლება, მალე უნდა აიღოს საკუთარ ხელში. კანონპროექტი დღის წესრიგში არის შეტანილი და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები 1-ელ ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე შევა,“ - ამბობს ფაშინიანი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ დეპრივატიზაციის პროცედურა „ეფექტურად და სწრაფად“ უნდა განახორციელოს და „კომპანიის მართვის ეფექტური მოდელი“ შექმნას. ამასთან, სომხეთის ხელისუფლება „ელექტროქსელების“ აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას გეგმავს, რომ მათი შეძენა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს.
სამველ კარაპეტიანი ერევანში 18 ივნისს, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავება ფაშინიანსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის კონფლიქტის ფონზე მოხდა. პრორუსი ოლიგარქი სომხეთის ეკლესიის მხარდაჭერის საბაბით ფაშინიანის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. მაშინ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში კარაპეტიანს უპასუხა, რომ სომხეთი კალუგის ოლქის რომელიმე სოფელი არ არის. პრემიერი, ასევე, „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციის წინადადებით გამოვიდა და კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. პრემიერი ამბობდა, რომ „ნაციონალიზაციის შემდეგ კეთილსინდისიერება გათვალისწინებული იქნება.“
ცნობისთვის: სამველ კარაპეტიანი რუსეთში სამშენებლო-სამრეწველო კომპანიების ჯგუფ „ტაშირის“ მფლობელია, რომლის ბრენდის ქვეშ 200-ზე მეტი კომპანია ოპერირებს. ესენია: უძრავ ქონებაში სავაჭრო ცენტრების ქსელი RIO, ენერგეტიკაში “სომხეთის ელექტრო ქსელები,” საბანკო სექტორში Fora Bank, სარესტორნო ბიზნესში 140-ზე მეტი ობიექტი და ა.შ.
Forbes-ის თანახმად, 59 წლის კარაპეტიანი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში 44-ე, ხოლო მსოფლიო მილიარდერთა სიაში 1102-ე ადგილზეა. მისი ქონება 3.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული. პრორუს სომეხ ოლიგარქს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ კოლოკოლცევს არაერთხელ უკავშირებდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ