ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედება 2 წლით გადავადდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ.
კერძოდ, საუბარია, საათობრივ ვაჭრობაზე, ასევე, მისი, როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედებაზე, რაც ცვლილებების მიხედვით, ნაცვლად 2025 წლისა, 2027 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა, თუმცა ნაწილობრივ. კერძოდ, ამ ეტაპზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიური მოდელით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე იყო გადავადებული.
შეგახსენებთ, რომ ბირჟაზე ვაჭრობაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ გენერაციის ობიექტების მფლობელებსა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.
ენერგეტიკულ ბირჟას ამ ეტაპზე ბაზრის 24 მონაწილე ჰყავს. აქედან ელექტროენერგიით ვაჭრობას 18 შპს და 6 სააქციო საზოგადოება ახორციელებს. ყველა მათგანი დღით ადრე და დღიური ვაჭრობის მოდელში არიან ჩართულები.
როგორც მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, „სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2027 წლის პირველ ივლისს, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები“.