ივლისში ბოსტნეულსა და ხილზე ფასები შემცირდა, ფარმაცევტულ ნაწარმზე კი გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის ივლისში ბოსტნეულსა და ხილზე ფასები შემცირდა, ფარმაცევტულ ნაწარმზე კი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წინა თვესთან შედარებით, ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე - სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,25 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფზე ფასების შემცირება ძირითადად განაპირობა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების კლებამ (-9,2 პროცენტი). ფასები ასევე შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11,6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე (2,7 პროცენტი) და ზეთსა და ცხიმზე (1,4 პროცენტი). რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, საქსტატის ცნობით, წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 0,6 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (1,1 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის ივლისთან შედარებით, 2015 წლის ივლისში ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე - სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31,7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (18,7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11,2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: - ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,71 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (16,6 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,0 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,7-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (9,8 პროცენტი).