გურიაში საზაფხულო სეზონი წელს ადრე დაიწყო. ამის მიზეზი „Starring Georgia“ და შეკვეთილში საგანგებოდ მოწყობილი საფესტივალო ქალაქი გახდა, რომელმაც 30 მაისს ლეგენდარულ როკ-ჯგუფს, „Guns N' Roses-ს“ უმასპინძლა. საფესტივალო ქალაქში შეკრებილმა ქართველმა თუ უცხოელმა მელომანებმა სცენაზე საყვარელ არტისტებს ცოცხლად მოუსმინეს და კონცერტის დასრულების შემდგომ ღამე ადგილობრივ სასტუმროებში გაათიეს. არაერთი მათგანი ახლომდებარე სასტუმროებში კონცერტამდე რამდენიმე დღით ჩამოვიდა, ისარგებლა სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი სერვისით და ადგილობრივ ეკონომიკაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ამასთან ერთად, ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ამ პერიოდში ადგილზე საკვებისა და ტაქსის გამოძახების ის სერვისები იყო ხელმისაწვდომი, რომლებიც ადრე აქ არ ფუნქციონირებდა.
წელს გურიაში მეორე ღონისძიებაცაა დაგეგმილი. 27 აგვისტოს შეკვეთილში, „Black Sea Arena-ს“ Front Stage-ზე „Empire Of The Sun-ის“ კონცერტი გაიმართება. ამ კონცერტის ფარგლებში, საქართველოში მსმენელებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, პირისპირ შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ მათთან ფოტო და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები. ამისათვის Empyrean Super VIP ან Ask That God პაკეტი უნდა აირჩიონ.
ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა „Starring Georgia-სთვის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამიტომაც, მათ არაერთი ნაბიჯი გადადგეს ადგილობრივი ბიზნესის დასახმარებლად და ამას სამომავლოდაც აპირებენ. როგორც „Starring Georgia-ს“ მენეჯერი ციცი იაშვილი აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში გურიაში, სადაც ზაფხული შემოსავლის მთავარი წყაროა, სასტუმროების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
—თუ მანამდე გურიასა და შეკვეთილში დასვენების სეზონი 1 თვეს ან ცოტა მეტ ხანს გრძელდებოდა, დღესდღეობით, კონცერტები მაისიდან იგეგმება. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის სეზონი აქედან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. სასტუმროების გააქტიურება, თავის მხრივ, კვების, ტრანსპორტირებისა და ტურიზმის მომიჯნავე სხვა სფეროების გააქტიურებას იწვევს. შესაბამისად, გურია თანდათანობით მიზიდულობის ცენტრი ხდება, რაც აისახა კიდეც ჩვენი წლევანდელი კამპანიის სახელში — „გურია მთავარ როლში.“ ამ კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ადგილობრივი მეწარმეები გადავამზადეთ, რათა მათ შეძლონ, უკეთ წარადგინონ საკუთარი სერვისი და გურიაში ჩასულ ათიათასობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მომსახურების მაღალი ხარისხი შესთავაზონ.
გამოჩნდნენ ახალი სტარტაპები, რომლებსაც სურთ, საკუთარი საქმიანობა „Starring Georgia-ს“ კონცერტებს დაუკავშირონ, იქნება ეს სახის მოხატვა თუ სხვა მსგავსი მომსახურებები. ადგილობრივი მეწარმეები უკვე ხვდებიან იმასაც, რომ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და სოციალური არხების ქონაც აუცილებელია. ეს ყველაფერი პირველი ნაბიჯებია და მჯერა, რომ ამ სეზონის შემდეგ, როდესაც რეალურ სიკეთეებს დაინახავენ, მათი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება.
— მას შემდეგ რაც „Black Sea Arena“ გაიხსნა, ნელ-ნელა შეკვეთილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე უძრავი ქონების ფასების ზრდა დაიწყო, მაგრამ „Starring Georgia-ს“ პერიოდში ეს ზრდა უკვე უპრეცედენტოა. კონკრეტულად, რით გახდა ეს მხარე უფრო საინტერესო?
—გურიაში დასვენება პრესტიჟულად იქცა. აქ უკვე შეგიძლია დაესწრო ღონისძიებას; ეწვიო მუსიკოსთა პარკს, რომელიც გაფართოვდა, გაიზარდა და სტუმრებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს; გაჩნდა სოციალური სივრცე — საერთოდ ახალი კონცეფცია — რომელიც კულტურული ცხოვრების ცენტრად იქცა, სადაც შეგიძლია მთელი დღე გაატარო. ამ ყველაფერს ემატება მინიატიურების პარკი და ციცინათელას პარკი, რომელიც მნიშვნელოვნად განახლდა და შეიცვალა.
—როგორც ვიცით, ციცინათელას პარკი 28 ივნისს გაიხსნება. რა შეიცვალა ატრაქციონების პარკში და რას მისცემს რეგიონს განახლებული ციცინათელა?
—განახლებული ციცინათელა მიზიდულობის ცენტრის ფუნქციას ბევრად უკეთ შეასრულებს, რადგან ცვლილებები არა მარტო ტექნიკურ ნაწილს, არამედ პარკის კონცეფციასაც შეეხო. აქ ბავშვებს არა მხოლოდ ატრაქციონები, არამედ უამრავი სიახლე და დაუვიწყარი თავგადასავლები ელოდებათ.
უკვე დაკომპლექტებულია ჯგუფი, რომელიც აქტიურად გადის ტრენინგების ფაზას. სამონტაჟო საქმეები დასრულებულია. პარკს განახლებული სივრცეები ემატება. მნიშვნელოვანია, რომ ციცინათელას ამიერიდან საკუთარი კვების ობიექტები ექნება. გარდა ამისა, პარკში სტუმრებს დახვდებათ ცალკე მდგომი უალკოჰოლო ბარი.
ზოგადად, შეცვლილია პარკში მოქცევის წესები, მაგალითად: მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში; ჩვენს ოთხფეხა მეგობარს, რომელიც 7 კილოგრამს აღემატება, აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი; პარკში არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები; ორსულებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდებული გარკვეული ატრაქციონები — თითოეულ ატრაქციონთან სტუმრებს დახვდებათ აბრა, რომელზეც დატანილი იქნება კონკრეტული აკრძალვები და შეზღუდვები. ამ ინფორმაციის გაცნობა და მისი გათვალისწინება აუცილებელია. ყველას ვთხოვ, წინასწარ კარგად გაეცნონ პარკის წესებსა და რეკომენდაციებს, რადგან ერთად უნდა ვიზრუნოთ, შევქმნათ გარემო, რომელიც თითოეულ სტუმარს გააბედნიერებს და პოზიტიური ენერგიებით აავსებს.
სასიხარულოა ისიც, რომ ციცინათელაში შესრულებულ სამუშაოებში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივები. განსაკუთრებით მიხარია, რომ გამოჩნდნენ ახალი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც, საკუთარი ხელით, საოცრად მოხატეს ჩვენი პარკი. გარემო, რომელიც მათ შექმნეს, უნიკალურია და სხვაგან ვერსად შეგხვდებათ. მუშაობის პროცესში ზოგმა ახალი ინტერესი შეიძინა, ზოგი კიდევ უფრო მეტად განვითარდა საკუთარ პროფესიაში…
განახლებული ციცინათელას ფარგლებში, ადგილობრივ კომპანიებთან და სტარტაპებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. სწორედ ადგილობრივებმა დაიკავეს პოზიციები ციცინათელას ახალი გუნდში და 28 ივნისიდან მოსულ სტუმრებს ახალი, ზღაპრული სამყაროს კარს გაუხსნიან.
—როგორ შეაფასებდით გასულ 2 მუსიკალურ სეზონს ქვეყნისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით?
—პირველ 2 წელიწადში 125 ათასი ბილეთი გავყიდეთ და საქართველოში 18 000-ზე მეტი ტურისტი მოვიზიდეთ. 2025 წელს ეს შედეგი მხოლოდ ერთი, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტით გავაუმჯობესეთ, რომელზე დასასწრებადაც ბილეთი 18 000-ზე მეტმა უცხოელმა ტურისტმა შეიძინა.
გარდა ამისა, წარმატებულად იმუშავა ჩვენ მიერ შექმნილმა პროდუქტებმაც, მაგალითად, ლოიალური მომხმარებლების პროგრამამ, რომელიც ციფრულ ბარათ „Starring Card-ში“ გაერთიანდა. დღესდღეობით, აღნიშნული ბარათების რაოდენობა 43 000-ს, ხოლო ამ ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ჯამური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აჭარბებს.
—როგორი იყო განვლილი 2 წელი უშუალოდ „Starring Georgia-ს“ გუნდისთვის?
—განვლილი 2 წელი ზრდის პერიოდი იყო, ჩვენ ახალ ეტაპზე გადავედით. თუ აქამდე მხოლოდ 1 დარბაზი და დარბაზს მიღმა ღონისძიებები არსებობდა, უკანასკნელ პერიოდში ამ ყველაფერმა მთელი საქართველო და — 2 სტადიონის სახით — ქვეყნის ყველაზე დიდი სივრცეები მოიცვა. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რომელიც გვჯერა, რომ კიდევ უფრო დიდი და კაშკაშა არტისტების ჩამოსაყვანად გამოგვადგება.
(R)