პროფკავშირები ეკონომიკის სამინისტროს "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" გაუქმებისკენ მოუწოდებს

პროფკავშირები ეკონომიკის სამინისტროს "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" გაუქმებისა და ახალი ქნედითუნარიანი მაკონტროლებელი უწყების შექმნისკენ მოუწოდებენ. პროფკავშირების ინფორმაციით, ტრანსპორტის პროფკავშირი გრიგოლეთში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამასთან, ტრანსპორტის პროფკავშირი სამგზავრო ტრანსპორტში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო შეშფოთებულია.

საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა საავტომობილო ტრანსპორტის არასათანადო კონტროლს უკავშირდება.  მისივე თქმით, 2005 წელს საქართველოში გაუქმდა კანონი საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირების შესახებ, რამაც საავტომობილო ტრანსპორტის სფერო რეგულაციების მიღმა, მხოლოდ ბაზრის უხილავი ხელის ამარა დატოვა. 2011 წელს შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო", რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი, თუმცა "ორგანო არ არის ქმედითუნარიანი".

"მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსგან, გაუქმდეს "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო" და შეიქმნას ახალი, ქმედითი მარეგულირებელი დეპარტამენტი, რომელიც გაამკაცრებს კონტროლს. აუცილებელია კონტროლი განახორციელოს სახელმწიფომ და არა შპს-მ", - აცხადებს ალანია.