რუსთავის ავტობაზრობა გამოცხადებულ აუქციონზე ვერ გაიყიდა

როგორც "ავტოპაპას" გენერალურმა დირექტორმა, ევგენი უსტინოვმა bpn-ს განუცხადა, აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს.

"როგორც ჩანს, ფასი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, ვფიქრობთ, მის ღირებულებას გადავხედოთ და პოტენციური მყიდველების მოძიება განვაგრძოთ", - განაცხადა ევგენი უსტინოვმა.  აუქციონზე გასაყიდად რუსთავის ავტობაზრობა 3 ივლისს გამოიტანეს. კომპანიის საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარი იყო.

AUTOPAPA საქართველოში წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიით, მათ შორისაა, შპს "მიკადო ჯორჯია", შპს "რუსთვის ავტობაზრობა" კომერციულ პროექტებთან ერთად, ავტობაზრობის ოპერაციული მართვა, შპს "რუსთავ ტერმინალ პლიუსი" და შპს რუსთავ კომფორტი სასტუმრო კომპლექსის ოპერაციული მართვა, კვების ობიექტებთან ერთად. ბიზნეს ჯგუფის საბაზრო ღირებულების დიაპაზონი განისაზღვრა 41,7-დან 54,1 მილიონ ლარამდე. როგორც მეჯემენტი აცხადებს, ავტობაზრობა მისი მფლობელისთვის, უკრაინული "პრივატბანკისთვის" არაპროფილური ბიზნესი იყო. კომპანია ამ ეტაპზე გეგმავს კონცენტრირებას მხოლოდ თავის ძირითად საქმიანობაზე და ბიზნესის გაყიდვის სურვილიც ამიტომ გაუჩნდა.

"პრივატბანკი" უკრაინაში, ლატვიასა და კვიპროსზე ბანკებით არის წარმოდგენილი, ხოლო პორტუგალიაში, იტალიასა და გერმანიაში - ფილიალებით. როგორც უსტინოვმა განაცხადა, მართალია 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, "ავტოპაპას" ბიზნესაქტივობა შემცირდა, თუმცა ვითარება გაუმჯობესდა 2015 წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის, ანუ თავად საქართველოს მოქალაქეების მიერ შესყიდვების ზრდის ხარჯზე.

ევგენი უსტინოვმა უარყო მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის მიერ გასულ წელს ავტომანქანების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველომ დაკარგა რეგიონული ჰაბის ფუნქცია. შეზღუდვები ითვალისწინებდა მხოლოდ "ევრო 4"-ის სტანდარტის მანქანების შეყვანას ქვეყნის შიგნით, რომელმაც ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან გაანახევრა და ბიზნესის კოლაფსი გამოიწვია.

ბელა ნოზაძე