ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა. „ქოლიერსის“ განახლებული მონაცემების მიხედვით, მაისში ზღვისპირა ქალაქში 1 354 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 8.9%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
გაყიდვებთან ერთად, გაზრდილია ფასებიც. კერძოდ, მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 197 დოლარი იყო, ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში ღირებულება 998 დოლარს შეადგენდა.
კვლევის თანახმად, მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა ბათუმში 10.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3.7%-იანი კლება ფიქსირდება.
ამასთანავე, ძველი ბინების შემთხვევაში 1 კვ.მ-ის საშუალოდ ფასი 1 125 დოლარი იყო, ახლის კი 1 203 დოლარი.
„ამ შემთხვევაში ფასის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველადი ბაზრით, სადაც საშუალო შეწონილი ფასი 23.6%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.
ამასთანავე, მაისში უძრავი ქონების ბაზრის ზომა ბათუმში 23.7%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.