„მოსახლეობის მიმდინარე სტატისტიკასა და საყოველთაო აღწერაში აცდენა 200 ათასი კაცია - ამან უფრო მეტი კითხვა გააჩინა“

„მოსახლეობის მიმდინარე სტატისტიკასა და საყოველთაო აღწერაში აცდენა 200 ათასი კაცია - ამან უფრო მეტი კითხვა გააჩინა“, - ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, "საქსტატის" მიერ ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია, არ მოდის მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებთან შესაბამისობაში , ამიტომ აღნიშნულ სამსახურს მეტი მუშაობა მოუწევს, რომ რეალური სურათი მივიღოთ.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერის, 2014 წლის შედეგებთან შედარებით, 185 ათას ადამიანით მეტია. 10 წლის წინ საქართველოში 3 729 635 კაცი ცხოვრობდა. რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3.704 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

„აცდენა 200 ათასია კაცია - მონაცემებმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა“

„სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელსაც დიდი ხანი ელოდა ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, მედია და ა.შ. თუმცა, მივიღეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით, 200 000-ით მეტი პირი დაფიქსირდა, 2024 წლის ბოლოსთვის. მიღებულმა მონაცემებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. იმიტომ, რომ საკმაოდ დიდია აცდენა მიმდინარე სტატისტიკური ანგარიშგებით მიღებულ ინფორმაციასა და მოსახლეობის აღწერის შედეგებს შორის. როგორც წესი, მიმდინარე სტატისტიკა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოსახლეობის აღწერის მონაცემებთან. ამიტომ, სტატისტიკის სამსახურს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ დინამიური მწკრივები გასწორდეს და რეალური მონაცემები მივიღოთ. მეტი ინფორმაცია გვჭირდება, ეთნიკური შემადგენლობის, ასაკობრივი ჭრილის, კონფესიური ფაქტორის გათვალისწინებით.

თუმცა, როდესაც მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემსა და მოსახლეობის აღწერას შორის ცდომილებაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოში შესაძლოა, იმყოფებოდეს 25 000-მდე არალეგალი (შეიძლება კიდევ უფორო მეტიც იყოსო). აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს, როგორია ეთნიკური შემადგენლობა. 2 აღწერას შორის პერიოდი რომ ავიღოთ [ 2014 - 2024 წლები], საქართველოდან გავიდა 244 000 მოქალაქით მეტი, ვიდრე შემოვიდა, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა 230 500-ით მეტი, ვიდრე გავიდა. ამასთან ერთად, ჩვენ ამ 10-წლიან პერიოდში გვაქვს უარყოფითი დემოგრაფიული სალდო, შობადობასა და მოკვდაობას შორის. დაიბადა 483 000 და გარდაიცვალა 487 000 ადამიანი. ასეთ პირობებში, სტატისტიკის სამსახურმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ეს არის ზოგადი, როგორც მიმდინარე სტატისტიკის წარმოების მხრივ, ისე მოსახლეობის აღწერის კუთხით. თუმცა, ორივე აბსოლუტურად ავტონომიურ რეჟიმშია და ბევრ მომენტში ისინი დამოუკიდებლად საზღვრავენ მოსახლეობის რაოდენობას. პირველი არის ფაქტობრივი მდგომარეობითა და აღრიცხვით, ხოლო მოსახლეობის აღწერა ბევრ ქვეყანაში სავალდებულოც კი არის. ჯერჯერობით, კითხვები უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე პასუხები. იმედია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური რაღაც პერიოდის შემდეგ შეეცდება ადეკვატური პასუხები გასცეს“,- ამბობს სოსო არჩვაძე.

კითხვაზე, მოსახლეობის მიმდინარე სტატისტიკასა და აღწერას შორის 200-ათასიანი ცდომილება, შესაძლოა, თუ არა, რომ მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზევე მყოფ უცხოელებს, მათ შორის, არალეგალებს უკავშირდებოდეს, სტატისტიკოსი ამბობს, რომ ჩვენ ისიც არ ვიცით, 2014 წელს ჩატარებული აღწერისას მათი ფაქტორი გათვალისწინებული იყო თუ არა.

„რა თქმა უნდა, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ ჩვენ გაქვს სრული ინფორმაცია არალეგალებსა და საქართველოს მოსახლეობაზე 2014 წელს? იქნებ მაშინაც გარკვეულ ცდომილებას ჰქონდა ადგილი ? შედარებისთვის, საქართველოს ისტორიის გადამავალ პერიოდში 90-იან წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. აქ საქმე გვქონდა აღრიცხვიანობის გაუმჯობესებასთან. ამან მოგვცა ბევრი ისეთი წარმოების სახე, რომელსაც მანამდე არც აღრიცხავდნენ. შესაძლოა, ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს ახლაც საქმე. საბოლოო პასუხი მაინც სტატისტიკის სამსახურმა უნდა გასცეს“,- ამბობს სოსო არჩვაძე.

ნინი ქეთელაური