საკრებულოს კომისიებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომისიების გაერთიანებულის ხდომა საკრებულოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მასზე უკვე სხვა საკითხებს განიხილავენ. ბიუჯეტის ცვლილებები დასამტკიცებლად საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე გავა.  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი მთლიანობაში 47 ლარამდე იზრდება და ბიუჯეტის საერთო მოცულობა 959 მილიონი ლარია.

"იმ თანხებში, რა თანხებითაც იზრდება ბიუჯეტი, ძირითადი ნაწილი განსაზღვრულია სტიქიური უბედურების აღმოფხვრისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებაზე. 20 მილიონი ლარი მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას, რაც გულისხმობს საცხოვრისის შესყიდვას თუ გარემონტებას. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით 10 200 000 ლარი გამოყო ფონდმა "ქართუმ", 17 მილიონი არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს ახალი გზის აღდგენას და მდინარე ვერეს ხეობის მოწესრიგებას. ეს ცვლილებები ითვალისწინებს ოლიმპიადის 5 მილიონი ლარით დაფინანსებასაც. ბუნებრივია, ოლიმპიადა დასრულდა, თუმცა საქართველოს მთავრობას თავიდანვე ჰქონდა გამოყოფილი ეს თანხა საერთაშორისო დონეზე გაშუქებისთვის. აღნიშნული თანხა უნდა ასახულიყო თბილისის ბიუჯეტში და შესაბამისად აუცილებელია ასეთი საფინანსო პროცედურის განხორციელება", - განაცხადა სამუშიამ.

ცვლილებებს მხარს არ დაუჭირა საკრებულოს უმცირესობამ. როგორც ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სევდია უგრეხელიძემ განუცხადა, ამ ცვლილებებში არ არის წარმოდგენილი მოქალაქეებისთვის კომუნალური ვაუჩერით დახმარება და დახმარების წესი. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასევე ამ თანხებში არ არის ასახული სტიქიის შედეგად დაზარალებულთა იმ ნაწილისთვის დახმარება, რომლებსაც დაუზიანდათ მოძრავი ქონება. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ კითხვებს ბადებს ისიც, რომ უკვე მერამდენედ ხდება ოლიმპიადისთვის განსაზღვრული თანხების გაზრდა.