1000-დან 7000 ლარამდე -  ფასები თბილისის ირგვლივ აგარაკებზე

თბილისთან ახლომდებარე აგარაკებზე დამსვენებლების სიმცირეზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს დასვენება ოჯახებში ან საოჯახო ტიპის სასტუმროებში უწევს, ტარიფები წამყვანი სასტუმროების ფასს დიდად არ ჩამოუვარდება. თითქმის ყველა ტურისტულ დაბაში მომსახურება გაძვირებულია, რასაც ადგილობრივები ლარის გაუფასურებითა და ზოგადად, ინფლაციით ასაბუთებენ. ამასთან, მეპატრონეები დამსვენებლებს ხშირად მთელი სეზონის საფასურის გადახდას წინასწარ ავალდებულებენ. ასე იყო წინა წლებშიც, თუმცა აგარაკებს დამსვენებელი არ აკლდა. ახლა კი ვითარება სხვაგვარია. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მიზეზი აქაც ლარის კურსია, რამაც უამრავი ადამიანის არჩევანი შეცვალა.

ცხელი ზაფხულისგან თუნდაც მცირე ხნით თავის დაღწევა დედაქალაქის ნებისმიერი მკვიდრის დიდი სურვილია, მაგრამ ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. ახლომახლო აგარაკებზე დასვენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, საზღვაო კურორტებზე არსებულ ფასებთან შედარებით, საქართველოს მთიან ნაწილში ფართის დაქირავება უფრო ძვირია. იშვიათი შემთხვევის გარდა, დამსვენებლები დღიური ქირის გადახდას ვერ ახერხებენ. შედარებისთვის, თუ ზღვაზე ტურისტი ბინას დღეში, ვთქვათ, მინიმუმ 15-20 ლარად დაიქირავებს, მთაზე დასვენებისთვის საზღაური მინიმუმ 1 თვეზე მაინც ვრცელდება. ხშირად ხდება, როდესაც ისინი წინასწარ მთელი სეზონის თანხას იხდიან იმის მიუხედავად, 2 კვირით მოუწევს დასვენება თუ უფრო ნაკლები ხნით.

წყნეთსა და კოჯორში ერთი თვით აგარაკის დაქირავება 1000-დან 3500 ლარამდე მერყეობს.

ზოგ შემთხვევაში კი, ფასი მეტიცაა. თითქმის ანალოგიურია ერთი თვით ბინის დაქირავება ფასანაურსა და მანგლისში. კიკეთში დასვენების ღირებულება ოჯახისთვის 7000 ლარამდეც კი აღწევს, ხოლო ტაბახმელაში ეს ხარჯი 1500-დან 4000 ლარამდეა. ოდნავ ნაკლები ღირს დასვენება საგურამოში, რომელზეც ბოლო დროს მოთხოვნამ აშკარად მოიმატა. მხედველობაში გვაქვს კეთილმოწყობილ სახლებში დასვენების საფასური, ვისაც ამ მხრივ პრეტენზია არ აქვს, შედარებით ნაკლებ ფასშიც მოახერხებს დასვენებას, თუმცა 2000 ლარზე იაფად სახლი თითქმის არსად ქირავდება.

კიკეთში მცხოვრებთა ინფორმაციით, დამსვენებლებს ივნისიდან მასპინძლობენ. მათი თქმით, წელს მომსახურების ფასი ცოტათი გაზარდეს, რაც ტურისტების რაოდენობაზეც აისახა. "სახლის კეთილმოწყობაში ათასობით დოლარი მაქვს დახარჯული. სასტუმროს ტიპისაა და მაქსიმალურად კომფორტული, რომ ადამიანმა კარგად დაისვენოს. შარშან ერთი თვით ოჯახი 6000 ლარად მყავდა, წელს 500 ლარით გავაძვირე. დიდი სახლია და სამი-ოთხი ოჯახი თავისუფლად დაისვენებს, თუმცა ახლა მხოლოდ ერთ ოჯახს ვმასპინძლობ. რამდენიმე შეკვეთა მაქვს, აგვისტოში მეტს ველოდები. შარშან ზაფხულის განმავლობაში ათამდე ოჯახი გვყავდა, აქედან სულ ორია, რომელიც წელსაც ჩვენთან დაისვენებს", - ამბობს ლელა თურმანიძე, სახლის მფლობელი.

ანალოგიური მდგომარეობაა კოჯორში. ადგილობრივების ინფორმაციით, დამსვენებლების დეფიციტი არ არის, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება იმ სიტუაციასთან, რაც აქ შარშან იყო.

"მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. შუაგული ზაფხულია, წესით, ის დრო, როცა დამსვენებლებს ვერ უნდა ავუდიოდეთ. მიუხედავად ამისა, ტურისტების სიმცირეა. ვერ ვიტყვი, რომ დეფიციტია, მაგრამ არც ისეთი მდგომარეობაა, რომ კურორტის კეთილდღეობაზე აისახოს. რამდენიმე ისეთმა ოჯახმა, რომელიც ყოველწლიურად გვსტუმრობდა, წელს ჩვენთან ვერ დაისვენა. უფრო მაინც თბილისიდან ჩამოდიან, ამ ეტაპზე მყავს ორი უცხოელი სტუმარი და ერთიც სამეგრელოდან, რომელიც კოჯორში უცხოელ ახლობელს ჩამოჰყვა. ამ დროისთვის ადგილები დაჯავშნილია და ეს მაძლევს იმედს, მდგომარეობას აგვისტოში ცოტათი გავიუჯობესებთ. შარშან ამ პერიოდში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო, შედარებასაც ვერ გავაკეთებ", - ამბობს რომან ვარდოსანიძე, დაბა კოჯრის მკვიდრი.

შედარებით მეტი ადამიანი სტუმრობს წყნეთს, სადაც დამსვენებლების უმეტესობა დედაქალაქიდანაა. "ნორმალური მდგომარეობაა, დამსვენებლებისთვის ჩვენი კურორტი საუკეთესო საშუალებაა, რომ ბუნებაში, სახლთან ახლოს იყვნენ. ვისაც ნორმალური შემოსავალი აქვს, წყნეთში დასასვენებლად საუკეთესო ადგილია. ოჯახებს მინიმუმ ერთი თვით ვიღებთ, შეიძლება, ნაკლები დროითაც დარჩნენ, მაგრამ 1 თვის გადასახადს წინასწარ იხდიან. მინიმუმ ორი კვირით მაინც რჩებიან. დასვენების ღირებულება 3500 ლარიდან იწყება და საცხოვრებელი პირობების შესაბამისად მატულობს. შედარებით პატარა სახლებში დასვენება ნაკლებ ფასადაც შესაძლებელია. ამ ეტაპზე დამსვენებლების სიმცირე არ შეიმჩნევა. შეიძლება იდეალური მდგომარეობა არ გვქონდეს, მაგრამ უკმაყოფილოც არ ვართ",- ამბობს ნელი ცირეკიძე, აგარაკის მფლობელი.

უფრო იაფია დასვენება საგურამოში, სადაც ოჯახისთვის ერთი თვით ბინის დაქირავება 1000 ლარადაც შესაძლებელია. დაბალი ფასის გამო, ბოლო დროს პოპულარული გახდა თელეთიც, სადაც დასვენების ფასი 350-500 ლარის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ აგარაკებს დამსვენებლები მეტ-ნაკლებად ჰყავთ, ტუროპერატორების საქმიანობაში ეს სფერო წელსაც წამგებიანია, რადგან ქართველი დამსვენებლების უმრავლესობა დასვენებას საკუთარი ინიციატივით არჩევს და ამისთვის ტურისტული კომპანიების დახმარებას იშვიათად მიმართავს.

კომპანიებში მიიჩნევენ, რომ სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, რასაც ქვეყანა მიმართავს, ჩვენთან შიდა ტურიზმის დონე დაბალია. "შიდა ტურიზმის სფერო საქართველოში ნაკლებადაა წარმატებული. შეიძლება ითქვას, მოსახლეობა მას არც მიმართავს. ქართველი და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეროვნების დამსვენებლები ქვეყნის სხვადასხვა საკურორტო ზონებში სიარულს დამოუკიდებლად არჩევენ. იშვიათად, რომ ვინმემ ტურისტულ კომპანიას მიმართოს. კერძო ინიციატივით დადიან, რის გამოც ჩვენს საქმიანობაში შიდა ტურიზმი მომგებიანი არ არის. გარკვეული პიარკამპანია მიდის, მაგრამ ამან მდგომარეობას ვერ უშველა. კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს", - აცხადებენ ტურისტულ ბიზნესში ჩაბმული ადამიანები.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"