ქვეყანაში მყოფი არალეგალი მიგრანტების გამოვლენის მიზნით, კანონი მკაცრდება. ამის შესახებ შესაბამის კანონპროექტშია საუბარი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა და ორი კომიტეტის დადებითი შეფასებაც მიიღო.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით, უცხოელის საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი, ან სხვა კერძო საკუთრება შემოწმდება.
ინიციატივის მიხედვით, შესაბამის ბრძანებას (შემოწმების თაობაზე) საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს.
ამასთან, მოსამართლე უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება/გადამალვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია.
"დასახელებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია თანმდევი საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში და არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებასთან დაკავშირებით განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი”, - აღნიშნულია კანონპროექტში.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, აკაკი ალადაშვილი