მთავრობას საწვავის შესყიდვა 17 თეთრამდე გაუძვირდა - რა ღირს ერთი ლიტრი

მთავრობას საწვავის შესყიდვა 12-დან -17 თეთრამდე გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ივნისში გაფორმებული ხელშეკრულებით, მთავრობას ივლისში 1 ლიტრი ბენზინი 12 თეთრით, ხოლო დიზელი 17 თეთრით ძვირი დაუჯდება.

კერძოდ, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს ივლისში 2.67 ლარად შეიძენს (ივნისში 2.55 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, ივლისში 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2.38 ლარი იქნება, ივნისში 2.26 ლარი იყო. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს კი, მთავრობა ივლისში 2.36 ლარად შეიძენს, ივნისში 2.24 ლარი იყო. გამარჯვებული კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.48 ლარია, (ივნიში 2.31 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება. იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737.02 აშშ დოლარს, ხოლო დიზელზე 714.91 აშშ დოლარს შეადგენდა; თებერვალში - ბენზინის 726.55 დოლარი, ხოლო დიზელზე - 705.3 დოლარი იყო; მარტში ბენზინზე - 683.89 დოლარი, დიზელზე - 655.55 დოლარი; აპრილში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის ფასი 657.48 დოლარს, დიზელის - 611.95 დოლარს შეადგენდა; მაისში ბენზინის ღირებულება 671.79 დოლარი, დიზელის 603.40 დოლარი იყო; ივნისში ბენზინი - 716.94 აშშ დოლარი, დიზელი კი - 681.05 აშშ დოლარი იყო.

ნინი ქეთელაური