მას შემდეგ, რაც დეპუტატი გივი მიქანაძე განათლების მინისტრად დაინიშნა, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე დავით დოლიძე გახდა. ამ უკანასკნელის სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა დღეს, 74 ხმით სცნო.
შეგახსენებთ, რომ გივი მიქანაძე პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 30 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ალექსანდრე წულაძის ნაცვლად ინიშნებოდა.
რაც შეეხება დავით დოლიძეს, ის წლების განმავლობაში თბილისის მერიის საჯარო მოხელე იყო და დედაქალაქის სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. დეპუტატობამდე, დოლიძე მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი იყო, უფრო ადრე კი შპს „თბისლეერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე.
დავით დოლიძემ ქონებრივი დეკლარაცია წელს, თებერვალში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, რომელიც 2022 წელს ჩუქებით გადაეცა. 114 000 აშშ დოლარის ღირებულების, 97,1 კვ.მ ბინა და 8 628-დოლარიანი ავტომობილი კი მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, დავით დოლიძეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 6000 ლარზე მეტი ჰქონდა .
როგორც მას დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, ის 2023 წლიდან არის შპს "ურბან ქონსთრაქშენ სერვისის" დამფუძნებელი და 25%-იანი წილის მფლობელი უვადოდ; ასევე, შპს „ურბან სერვისის“ 50%-იანი მეწილე, 2020 წლიდან უვადოდ.
დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს, დავით დოლიძემ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით - 61 352 ლარი მიიღო.
ამასთან, დეკლარაციაში დავით დოლიძეს მითითებულიყო აქვს, რომ 2024 წელს მეგობრისგან საჩუქრად ცეცხლსასროლი იარაღი მიიღო, რომლის ღირებულება 610 ლარია, მისმა მეუღლემ კი დედისგან საჩუქრად 40 000 აშშ დოლარი.