„მოტივაციაა, რომ ხელი არ ჩავიქნიოთ“ - ფერმერი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში მოცვის წარმოების დამატებაზე

„მოცვის მწარმოებლებისთვის კარგი შეღავათია“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „ნამიანის“ დირექტორი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში მოცვის წარმოების დამატებას.

შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში მოცვის პირველადი წარმოება დაემატა. პროგრამის ფარგლებში, სესხები გაიცემა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მდებარე მოცვის ბაღებზე.

როგორც ალექსანდრე ჩხიკვიშვილი აღნიშნავს, გურიაში წელს მოსული უხვი ნალექის გამო, ფერმერებმა დიდად იზარალეს. ამ ფონზე ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში მოცვის წარმოების დამატებას.

"მოსავლის 70% განადგურდა" - რა შეღავათი ექნებათ მოცვის მწარმოებლებს

„მძიმე წელი იყო და ასეთ მძიმეს დროს ხელის წაშველება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს პროგრამა მოცვის მწარმოებლებისთვის ძალიან კარგი შეღავათია იმის გათვალისწინებითაც, რომ წელს ამინდმა ძალიან დაგვაზიანა. როგორც იცით, თებერვალში გურიაში ორი მეტრი თოვლი მოვიდა, გარდა ამისა, იყო ძლიერი ქარი და ყინვა. ფაქტობრივად, ამინდის კუთხით, რაც კი შეიძლებოდა, ყველა პრობლემა დაგვატყდა თავს, შედეგად ზარალი საკმაოდ დიდი გვაქვს. ჩვენთვის სახელმწიფოს მხრიდან ეს ჟესტი ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.

რაც არ უნდა დახარჯო აგრონომიული ბიზნესის კუთხით, საბოლოო ჯამში, მაინც ამინდზე ხარ დამოკიდებული. საკმაოდ ანომალიური წელიწადი გვაქვს, 40 წელია ასეთი თოვლი გურიაში არ ყოფილა, ამან დიდი ზარალი მოგვაყენა. მაგალითად, მოსავლის დაახლოებით 70% განადგურდა, ამხელა ზარალს, როგორც წესი, კომპანიები ვერ უძლებენ და კოტრდებიან. ამ ფონზე კი, მოცვის წარმოების კუთხით განხორციელებული პროგრამები არის მოტივაცია, რომ ხელი არ ჩავიქნიოთ“, - აღნიშნავს ალექსანდრე ჩხიკვიშვილი.

შეგახსენებთ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და ფიზიკურ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). ერთ ბენეფიციარზე ერთ სეზონზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ 10 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით.

ამასთანავე, პროგრამის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარზე გაცემული სესხის სარგებლობისთვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს. კრედიტი გაიცემა ყოველი წლის 1-ლი იანვრიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათლით.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არაუმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას.

ინფორმაციისთვის, აქამდე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში გათვალისწინებული იყო მოცვის გაშენების ნაწილში ფერმერების მხარდაჭერა, ცვლილებების შედეგად კი, სესხის ნაწილში დახმარება გათვალისწინებული იქნება კულტურის მოვლა/წარმოებისთვისაც.

იხილეთ ასევე: შეღავათიანი აგროკრედიტით სესხები მოცვის წარმოებაზეც გაიცემა - ვის შეეძლება პროგრამით სარგებლობა

მერი ტაბატაძე