„სტუმრების 60% უცხოელი იყო - პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“ - როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი რაჭაში

„შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად გაგვეზარდა დამსვენებლების რაოდენობა და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მომდევნო თვეებისთვისაც“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან „დაკიდულას“ დამფუძნებელმა ზუკა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის ივნისში რაჭაში მდებარე სასტუმრომ ჯამში 15 სტუმარი მიიღო, წელს კი რაოდენობა ერთი თვის ჭრილში 80-მდეა გაზრდილი.

„1-ლი ივნისიდან გავიხსენით, იმის ფონზე, რომ ივნისი არ ითვლება რაჭაში აქტიურ ტურისტულ სეზონად, კარგი დასაწყისი გვაქვს. შარშან ივნისში ჯამურად გვყავდა 15 დამსვენებელი, წელს სტუმრების რაოდენობამ უკვე 80-ს გადააჭარბა. ამას ჩვენს შემთხვევაში განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: პირველი ის, რომ შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად იმატა ჩვენმა ცნობადობამ. მეორე, შარშან ამ დროს მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი და ამ ფაქტორმა, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია მოთხოვნაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად გაგვეზარდა დამსვენებლების რიცხვი, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მომდევნო თვეებისთვის და ამის მოლოდინს იძლევა წინასწარი ჯავშნებიც. წელს ვეცდებით რომ სეზონი გავახანგრძლივოთ; ჩვენი სამომავლო მიზანიც ყველა სეზონზე ხელმისაწვდომობაა“, - აღნიშნავს ზუკა მანჯგალაძე.

რაც შეეხება ტურისტების სეგმენტს, რესპონდენტის თქმით, ივნისში დამსვენებელთა უდიდესი ნაწილი უცხოელი იყო, ადგილობრივების წილი კი 40%-ს შეადგენდა.

„წელს ივნისის თვეში სტუმრების 60% იყო უცხოელი, ხოლო დანარჩენი 40% იყო ადგილობრივი დამსვენებელი. ზოგადად, შიდა ტურიზმი რაჭაში ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე იმატებს ხოლმე. რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, ამ თვეში უკვე გვყავდა სტუმრები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან. შარშან სტუმრებს სულ 26 ქვეყნიდან ვუმასპინძლეთ, წელს იმედი გვაქვს, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც შეეხება ფასებს, გავზარდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ შარშან ივნისში გავხსენით სასტუმრო და პირველი თვე სატესტო იყო. წელს ივნისში ფასდაკლება გვქონდა, თუმცა, ივლისში 250 ლარია ორ პერსონაზე ერთი ღამე, ხოლო აგვისტოში 270 ლარია ღირებულება. საუზმეზე თითო პერსონაზე 30 ლარი ემატება. ფასები ცვალებადია დატვირთულობიდან გამომდინარე“, - აცხადებს ზუკა მანჯგალაძე.

„რაჭაში ბევრი გამოწვევაა ტურისტული კუთხით“

ამასთანავე, რესპონდენტმა ისაუბრა ადგილზე არსებული გამოწვევების შესახებაც. მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ რაჭაში პრობლემურია ტრანსპორტირების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სეზონურობისა და კადრების ნაკლებობის საკითხები.

„ვფიქრობ, რომ ტრანსპორტი და მარშრუტები შესაძლებელია, უკეთ დაიგეგმოს. თბილისიდან რაჭის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები გამოდის დილის საათებში, დაახლოებით 9 საათამდე. ეს დამსვენებლისთვის ქმნის დისკომფორტს, რადგან, ფაქტობრივად, ერთ დღეს კარგავენ გზაში და ხშირად საუზმეზე დარჩენასაც კი ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, რომ შუადღითაც უნდა იყოს რამდენიმე რეისი. გარდა ამისა, ბევრად მეტი რეისი უნდა იყოს ამბროლაურის აეროპორტის მიმართულებით, რადგან სეზონზე ბილეთები სულ გაყიდულია.

აუცილებელია მეტი ტურისტული ინფრასტრუქტურა რაჭის რეგიონში, თუნდაც, ბარი, კაფე და სხვა გასართობი ობიექტები, რათა სტუმრები მხოლოდ სასტუმროს სერვისით არ შემოიფარგლონ. ამას თავისთავად სჭირდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რადგან ცალ-ცალკე დადებით შედეგს ვერ მივიღებთ.

რაჭაში პრობლემას წარმოადგენს სეზონურობაც - ძირითადად აქტიური პერიოდია ივლისსა და აგვისტოში. ამ დროს, გაზაფხულზე, ზაფხულსა და მით უმეტეს, შემოდგომით რაჭა არის ულამაზესი. ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში რაჭის სტუმრიანობა აღარ იქნება შემოფარგლული მხოლოდ ზაფხულის ორი თვით“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

ამასთანავე, მისი თქმით, დღემდე გამოწვევას წარმოადგენს რაჭის ტურისტული კუთხით პოპულარიზაციის საკითხი.

„გვაქვს რეგიონის პოპულარიზაციის პრობლემაც - ადგილზე პერიოდულად ტარდება გარკვეული ღონისძიებები, მაგრამ საჭიროა, რომ უფრო ხშირად იგეგმებოდეს აქტივობები. მაგალითად, მიხარია რომ 9 აგვისტოს შაორის ტბაზე არის მუსიკის ფესტივალი - ეს თავის მხრივ მეტ დამსვენებელს მოიზიდავს ჩვენს რეგიონში.

ყურადღებას აუცილებლად გავამახვილებდი პერსონალის პრობლემაზეც. რაჭაში კერძო სექტორისთვის მუდმივი გამოწვევაა პერსონალის ნაკლებობა. მაქსიმალურად ვცდილობთ დავასაქმოთ ადგილობრივები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გარკვეულ პოზიციებზე პრობლემას ვაწყდებით. ბევრი ობიექტი დასრულებულია და მზად არის ბაზარზე ჩასაშვებად, მაგრამ ფიზიკურად ვერ იწყებენ ფუნქციონირებას ზუსტად ამ პრობლემის გამო“, - აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ზუკა მანჯგალაძე.

მერი ტაბატაძე