100 ლარით დაჯარიმდება ქვეითი, რომელიც ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო/შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე არ დაემორჩილება საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ სიგნალს

100 ლარით დაჯარიმდება ქვეითი, რომელიც ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო/შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე არ დაემორჩილება საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ სიგნალს. აღნიშნულის შესახებ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

ახალი რეგულაციები, რიგ დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას მძღოლებთან ერთად, ქვეითად მოსიარულე პირებისთვისაც გულისხმობს.

კერძოდ, ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის 10 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 50 ლარი იქნება. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.

იგივე ქმედება თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ნინი ქეთელაური