2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურმა დახმარებამ საქართველოსთვის 77 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ ფინანსური დახმარებიდან 99.9% გამოყოფილი იყო USAID-ის პროგრამების ფარგლებში.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს გაწეული ფინანსური დახმარებიდან უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 76.96 მილიონი აშშ დოლარი განხორციელებული იყო USAID-ის მიერ. დარჩენილი 31.51 ათასი დოლარი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
Foreignassistance-ის ვებგვერდზე, სადაც აშშ-ის ოფიციალური დახმარებებია აღრიცხული, მონაცემები 2025 წლის 13 ივნისს განახლდა.
ამავე მაჩვენებლების მიხედვით, მხოლოდ 2025 წლის ხუთ თვე-ნახევარში აშშ-ის ფინანსური დახმარებით ჯამში 64 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც უდიდესი ნაწილი გამოყოფილი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
უფრო კონკრეტულად, სექტორულად ფინანსები ასე ნაწილდება:
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში (2016-2025 წლებში) ჯამურად მხოლოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოში განხორციელდა 680.25 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება სხვადასხვა პროექტებში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიომ განაცხადა, რომ USAID-ის უცხოური დახმარების პროგრამები 1-ლი ივლისიდან ოფიციალურად შეჩერდა და სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა. მისი თქმით, „სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს დახმარების პროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციის პოლიტიკას შეესაბამება და ამერიკის ინტერესებს ხელს უწყობს“.
USAID 1961 წელს შეიქმნა. მიმდინარე წლისთვის მისი ჯამური უცხოური დახმარების ბიუჯეტი 42.8 მლრდ აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო. იანვარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა სააგენტოს უცხოური დახმარება, სახელმწიფო ხარჯის შემცირების პოლიტიკის ფარგლებში, 90 დღით გაყინა, ხოლო USAID-ის მმართველობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა.