სომხეთის IT-სექტორი შთამბეჭდავი წლიური ტემპით იზრდება, რამაც მას „სილიკონის მთის“ მეტსახელი დაუმკვიდრა - ამის შესახებ სომხური იურიდიული კომპანია Vardanyan & Partners-ის მიმოხილვაში წერია.
ქვეყანამ რამდენიმე აღსანიშნავ წარმატებას მიაღწია. კერძოდ:
სომხეთში 500 მლნ დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტის ქარხანა აშენდება, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პროექტია. ამბიციური პროექტის დაწყების შესახებ ღრუბლოვანი ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების ლიდერმა კომპანია Firebird, სომხეთის მთავრობასთან და NVIDIA Corporation-თან ერთად განახორციელებს. შეიქმნება ახალი თაობის ინოვაციური ღრუბლოვანი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა. პროექტი კავკასიის რეგიონის ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებასა და სომხეთის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.
გეგმის მიხედვით, 2026 წლისთვის პროექტის ფარგლებში NVIDIA Blackwell-ის რამდენიმე ათასი გრაფიკულ პროცესორი განთავსდება, რომლებსაც 100 მეგავატ ან მეტ სიმძლავრემდე გაზრდის შესაძლებლობა ექნებათ. ასეთი მძლავრი ინფრასტრუქტურა მაღალი წარმადობის გამოთვლების მხარდაჭერასა და ხელოვნური ინტელექტის მოწინავე აპლიკაციების განვითარებას უზრუნველყოფს.
2021 წელს ფოტო და ვიდეო რედაქტირების პლატფორმა, Picsart სომხეთის პირველი Unicorn-ის (მარტორქა) კომპანია გახდა, ანუ სტარტაპი, რომლის საბაზრო ღირებულება 1 მლრდ დოლარზე მეტია. ასევე, ისეთმა კომპანიებმა, როგორიც Krisp, SuperAnnotate და Podcastle-ია, საერთაშორისო აღიარება და ინვესტიციები მიიღეს. ამასთან, ქვეყანაში სტარტაპების ნათელი ეკოსისტემაა, რომელიც ინკუბატორებისა და აქსელერატორების მიერ არის მხარდაჭერილი.
ოვანეს ავოიანის მიერ დაარსებულ PicsArt-მა 2021 წელს E-სერიის დაფინანსებაში 130 მლნ დოლარი მიიზიდა. ფოტო და ვიდეო რედაქტირების პლატფორმას მსოფლიო მასშტაბით ყოველთვიურად 150 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის შეფასების ზრდასთან ერთად ადრეულმა ინვესტორებმა უზარმაზარი შემოსავალი ნახეს.
Krisp ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ხმაურის ჩამხშობი აპლიკაციაა, რომელმაც დისტანციური მუშაობის ბუმის დროს მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა. ვენჩურული კაპიტალის მხარდაჭერით, მათ შორის, Shanda Group-ისა და Sierra Ventures-ის დაფინანსებით, Krisp აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ სომხურ ტექნოლოგიურ სტარტაპებს საერთაშორისო ინვესტიციების მიზიდვა.
სომხეთის მთავრობამ 2025-2031 წლების პერიოდში მაღალტექნოლოგიური სექტორის სტიმულირებისთვის 1-ლი იანვრიდან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები შემოიღო. კერძოდ, კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული ხელფასები, სტანდარტული 20%-იანი და მეტი ოდენობის ნაცვლად, 10%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. ასევე, მაღალტექნოლოგიური საქმიანობისთვის მხოლოდ 1%-იანი ბრუნვის გადასახადი მოქმედებს, ხოლო მოგების გადასახადში შეღავათის სახით ტექნოლოგიურ სექტორში პროფესიული სამუშაოსთვის ხელფასიდან 200% იქვითება.
ასევე, მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მიგრანტი მუშაკების კომპენსაცია გაიცემა, ხდება პერსონალის დაქირავება და გადამზადება. ასეთ სტიმულირებას ექვემდებარება ისეთი პირობები, როგორიც არის დასაქმებულთა მინიმალური რაოდენობა და შემოსავლის წყაროს მოთხოვნა.
შეღავათები 2031 წლის 31 დეკემბრამდე არის ძალაში.
რაც შეეხება მხარდაჭერის ძირითად რესურსებს, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორებისთვის კომპლექსური სახელმწიფო სააგენტო, Enterprise Armenia მოქმედებს, ხოლო საინვესტიციო პოლიტიკასა და რეგულირებას ეკონომიკის სამინისტრო ზედამხედველობს. ასევე, მოქმედებს სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდი (ANIF), რომელიც სუვერენული საინვესტიციო ფონდია.
ცნობისთვის: სომხეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 113.20 მლნ დოლარით გაიზარდა. 1993 წლიდან 2025 წლამდე სომხეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მოცულობამ 81.61 მლნ დოლარი შეადგინა, რამაც ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ 425.90 მლნ დოლარს 2008 წლის მეოთხე კვარტალში მიაღწია, ხოლო რეკორდულ მინიმუმამდე, ანუ 143.50 მლნ დოლარამდე 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ